ნეტგაზეთი | 14-დღიანი კარანტინი შეჯიბრამდე და სხვა რეკომენდაციები – პროტოკოლი სპორტისთვის 14-დღიანი კარანტინი შეჯიბრამდე და სხვა რეკომენდაციები – პროტოკოლი სპორტისთვის – Netgazeti
RU | GE  

14-დღიანი კარანტინი შეჯიბრამდე და სხვა რეკომენდაციები – პროტოკოლი სპორტისთვის

საქართველოს მთავრობამ სპორტსმენებისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პროტოკოლის თანახმად, სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა.

შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამონაკლისები სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით დაიშვება, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არაკონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას. კერძოდ, სპორტის არაკონტაქტური სახეობების შემთხვევაში სპორტსმენებმა უნდა დაიცვან 2 მეტრზე მეტი დისტანცია. სპორტის ეს სახეობებია: კანოე, მშვილდოსნობა, საავტომობილო სპორტი, ძალოსნობა, ტანვარჯიში, ჩოგბურთი, ჭადრაკი, ფარიკაობა, მეკლდეურობა, ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური), სროლა, საცხენოსნო სპორტი, მაგიდის ჩოგბურთი, ველოსპორტი, მოტოსპორტი, ათლეტიზმი, სათხილამურო სპორტი, მძლეოსნობა.

2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვა დასაშვებია კონტაქტური სპორტის ისეთი სახეობების შემთხვევაში, როგორიცაა: ძიუდო, ჭიდაობა, სამბო, კრივი, კარატე, კონტაქტური კარატე, მკლავჭიდი, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ნიჩბოსნობა, ტაეკვონდო, ფიგურული ციგურაობა (წყვილებში), საწყლოსნო სპორტი, ხელბურთი, ფრენბურთი, უშუ, სუმო, კიკბოქსინგი.

ძირითადი რეკომენდაციები

პროტოკოლში გაწერილი რეკომენდაციების თანახმად:

  • შეკრების ან შეჯიბრის დაწყების წინ ყველა სპორტსმენმა და ნაკრების ან კლუბის მთლიანმა პერსონალმა უნდა გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია.
  • კარანტინი/თვითიზოლაციის დროს, უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი ვარჯიშთან დაკავშირებული თანამშრომლის ბაზიდან გასვლა, ან უცხო პირების ბაზაზე შესვლა;
  • კარანტინის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სრული შემადგენლობის ტესტირება;
  • შეკრებაზე და შეჯიბრზე უნდა მოხდეს მხოლოდ COVID-19 ტესტირების უარყოფითი შედეგის მქონე პირების დაშვება;
  • შეკრების ან შეჯიბრის დასრულებამდე უნდა გამოირიცხოს სპორტსმენების  კონტაქტი გარეშე პირებთან;
  • უნდა განისაზღვროს შეკრებასა თუ შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენთა და მთელი პერსონალის შესაძლებელი მინიმალური რაოდენობები;
  • უნდა აიკრძალოს შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა (სასტუმრო, სპორტული ბაზის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, მოედანი, დარბაზი, წინასწარ განსაზღვრული სხვა სავარჯიშო სივრცე, სასადილო/კვების ბლოკი) ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება;
  • შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში დადგენილ ლოკაციებზე უნდა დაწესდეს საკარანტინო ზომები, რაც შეზღუდავს ნებისმიერი პირის ბაზაზე შესვლას ან ბაზიდან გასვლას, გარდა სასურსათო მომარაგებისა და დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირებისა;

არაკონტაქტური სახეობებისათვის შეჯიბრის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხერხდება არაკონტაქტური სახეობებისათვის დადგენილი სავარჯიშო პირობების  დაცვა. სპორტსმენებსა და პერსონალს ყოველდღიურად, შეჯიბრის ან ვარჯიშის დაწყების წინ უნდა უტარდებოდეს თერმოსკრინინგი.

რეკომენდაციების სრული ჩამონათვალი პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის (დანართი №13) იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/download/4883653/0/13

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.