ახალი ამბები

დანია და ნორვეგია ერთმანეთისთვის საზღვრებს ხსნიან, შვედეთისთვის – არა

30 მაისი, 2020 • 1789
დანია და ნორვეგია ერთმანეთისთვის საზღვრებს ხსნიან, შვედეთისთვის – არა

ნორვეგიამ და დანიამ განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტულ მიმოსვლას 15 ივნისიდან გახსნიან, თუმცა შეინარჩუნებენ შეზღუდვებს შვედეთისთვის.

“ბიბისის” ინფორმაციით, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტ ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანია და შვედეთი სხვადასხვა ადგილას არიან პანდემიასთან მიმართებაში.

შვედეთმა, განსხვავებით მისი მეზობლებისგან, კარანტინი არ დააწესა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 4 000-ს აღემატება და ყველაზე მაღალია სკანდინავიის სახელმწიფოებს შორის.

დანია, ასევე, გარკვეული შეზღუდვებით ხსნის საზღვარს ტურისტებისთვის გერმანიიდან და ისლანდიიდან. ტურისტებს ამ ქვეყნებიდან არ შეუძლიათ ღამე გაათენონ კოპენჰაგენში, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

დანიისა და შვედეთს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირებია, განსაკუთრებით ერესუნის რეგიონში, სადაც ორ ქვეყანას გიგანტური ხიდი აკავშირებთ. ამასთან ორივე ქვეყანა ევროკავშირის წევრია, განსხვავებით ნორვეგიისგან.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნ ლინდემ განაცხადა, რომ შვედეთის გამორცხვა ნორდიკული ქვეყნების მიერ საზღვრების გახსნიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და ეპიდემიოლოგიური სიტუაციით არ გამართლდება.

COVID19-ის დასრულების გლობალური სტრატეგია | მოსაზრება

მასალების გადაბეჭდვის წესი