ახალი ამბები

გახარიას პასუხები “ევროპული საქართველოს” ანტიკრიზისულ გეგმაზე

29 მაისი, 2020 • 1276
გახარიას პასუხები “ევროპული საქართველოს” ანტიკრიზისულ გეგმაზე

“ევროპული საქართველოს” დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ტყუილში დაადანაშაულა პრემიერ-მინისტრი გახარია, რომელიც პარლამენტში დღეს, 29 მაისს, ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვების საპასუხოდ იყო მისული. თავის მხრივ, პრემიერმა ოპოზიციურ პარტიას პოპულიზმში დასდო ბრალი და განმარტა, რატომ არ იმუშავებს მათი გეგმა.

ბოკერიამ პრემიერისგან დღევანდელ შეხვედრაზე კვლავ მოითხოვა პასუხები “ევროპული საქართველოს” ანტიკრიზისულ გეგმაზე. ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად მოქალაქეებს უნდა დაუბრუნოს საპენსიო ფონდში მათ მიერ გადარიცხული ფული, ასევე, უნდა დაწიოს გადასახადები.

“გუშინ თქვენ აქ აბსოლუტურად უტიფრად გვეუბნებოდით, რომ საგადასახადო ტვირთით და სახელმწიფო ზომით ჩვენ ვართ მეორე-მესამე ადგილზე, იქნებ აქვე გაიკითხოთ, ვინ მოგაწოდათ ეგ ინფორმაცია”, – უთხრა ბოკერიამ გახარიას და წაუკითხა “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” მონაცემები, რომლის მიხედვითაც, როგორც დეპუტატმა თქვა, საქართველო გადასახადების სიმძიმით არის მსოფლიოში 118-ე ადგილზე. გახარია კი 28 მაისს პარლამენტში ამბობდა, რომ ამ პარამეტრით საქართველო მეორე ადგილზეა სინგაპურის შემდეგ. ბოკერიასვე განმარტებით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს პრემიერის ინფორმაცია საქართველოში ბიურორკრატიის დაბალ დონეზე.

ბოკერიას განმარტებით, საქართველოში შექმნილი ეკონომიკური ფონის კვალობაზე მოსახლეობისთვის დაკისრებული გადასახადები მაღალია და ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი ხარჯები, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც პანდემიის შედეგად ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი შეიქმნა:

“ყველამ რომ გაიგოს, რაზე ვლაპარაკობ, მათ შორის, ჩვენმა პატივცემულმა კოლეგებმა “ოცნებიდან”. ყველა ადამიანს მათ მიერ შექმნილი 100 ლარიდან, თქვენ თითქმის 24 ლარს ართმევთ. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორ ფიქრობთ, გაიზარდა თუ შემცირდა რაოდენობა იმ ფულისა, რასაც ართმევთ მოსახლეობას? რა თქმა უნდა, გაიზარდა. ახლაც იგივე განწყობაზე ხართ, რომ მეტი ფული გინდათ წაართვათ ხალხს”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გიორგი გახარიას თქმით, გადასახადების დაწევა მოცემულ ვითარებაში არ არის გამართლებული, რადგან ეს ბიუჯეტში შემავალ თანხას მკვეთრად შეამცირებს, რაც კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს. ამის დასამტკიცებლად პრემიერმა “ევროპული საქართველოს” ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი რიცხვებში გამოსახა და, როგორც თვითონ განმარტა, გადასახდების დაწევა ქვეყნის ბიუჯეტს, საერთო ჯამში, 6.1 მილიარდი ლარით შეამცირებს:

“ავიღეთ და ჩავიხედეთ ჩვენი ოპოზიციის პროგრამაში, რომელსაც გვთავაზობენ, რატომ არ ახორციელებთ ჩვენ პროგრამასო. ჯერ ერთი, ვერ ვხვდები, ოპოზიციის პროგრამა რატომ უნდა განვახორციელოთ და მეორე, ახლა გეტყვით, რატომ არ ვახორციელებთ.

დღეს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი არის 16 მილიარდი ლარი, აქედან 1/3-ზე ცოტა მეტი ხმარდება სოციალურ ხარჯებს. კოლეგები გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ გადასახადები და აქვთ ჩამონათვალი კონკრეტული გადასახადების. მათი გაუქმების ფასი არის 4.2 მილიარდი ლარი. გარდა ამისა, მიმდინარე ბიუჯეტი ვერ მიიღებს საგადასახადო შემოსავლების სახით 1.8 მილიარდ ლარს. შემდგომ კიდევ უტიფრად ჰპირდებიან, ატყუებენ მოქალაქეს და ეუბნებიან, რომ ჩვენ გადაგიხდით დაკარგული ხელფასის 50 პროცენტს და კიდევ ბევრ რაღაცას. ასე ფორმირდება დაპირებები, რომლის ფასიც არის 6.1 მილიარდი”, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა აღნიშნულ გეგმას განახორციელებდა, მაისის თვეში სახელმწიფო ვეღარ შეძლებდა პენსიების დაფარვას, ივნისში ვეღარ გაიცემოდა საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები, ივლისში კი ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ვეღარ შეძლებდა ფუნქციონირებას.

პრემიერს პასუხით უკმაყოფილო დარჩა ბოკერია, რომელმაც განმარტა, რომ გარკვეულ სფეროებში გადასახადების აწევა 2016 წლიდან დაიწყო, რაც უნდა ნიშნავდეს, რომ თუ ახლა არ იმუშავებს დაბალი გადასახადები, მაშინ 2016 წლამდე ქვეყანა როგორ ფუნქციონირებდა.

გახარიამ დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხისას კვლავ გაიმეორა, რომ “ევროპული საქართველოს” გეგმა ქვეყანას ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანს და ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ჩამოინგრევა.

“რეალურად არგუმენტი არის ერთადერთი, რომ თქვენი გგემის მიხედვით ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა იქნება ჩამონგრეული. თქვენ, უბრალოდ, ამ სულელური რიცხვებით მაისში ადამიანებს პენსიას ვერ გადაუხდით, თქვენ პოლიციას ხელფასს ვერ გადაუხდით და, შესაბამისად, ახლა სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, რომლითაც თქვენ ცდილობთ აქ მოხიბლოთ ვიღაც და გააგრძელეთ ცოტა უფრო ემოციურად და უკეთესი იქნება”, – გაიმეორა გახარიამ.

პრემიერმა ასევე პოპულისტური უწოდა “ევროპული საქართველოს” მოთხოვნას საპენსიო ფონდში არსებული თანხის მოსახლეობისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

“ძალიან მარტივი და უკიდურესად პოპულისტურია ღარიბ ქვეყანაში ადამიანებს უთხრა, საპენსიო ფონდის შედეგად დაგროვილია 772 მილიონი ლარი და მოდი, ახლა მოულოდნელი კრიზისის პირობებში გამოვიყენოთო. საპენსიო რეფორმა და საპენსიო ფონდი არის გრძელვადიანი ეკონომიკური ინსტრუმენტი”, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ფონდის შექმნის მიზანი არის გრძელვადიან პერსპექტივაში მოქალაქეებისთვის ფინანსური გარანტიების შექმნა, ფონდის წლიური მოგება კი 14%-ს შეადგენს.

“გამოდიხართ და ამბობთ, რომ საპენსიო ფონდი გახსენით და ეს ფული რაღაცაში გამოიყენეთ მაშინ, როდესაც საპენსიო ფონდი არის ჩემი მოქალაქის ხანდაზმულობის და მისი ნორმალურად სოციალურად უზრუნველყოფილი საპენსიო ასაკის გარანტი და მე სხვა გარანტია არ მაქვს”, – უპასუხა გახარიამ ბოკერიას.

პრემიერმა ასევე მიმართა ოპოზიაციას, რომ თუ სურთ საპენსიო ფონდის გახსნა, პარლამენტში შეიტანონ საკანონმდებლო ინიციატივა ამის შესახებ. სიტყვის გამოსვლის დასასრულს მთავრობის მეთაურმა უკეთესი ოპოზიცია ისურვა პარლამენტში, რაზეც ბოკერიამ უპასუხა:

“ბატონო პრემიერო, უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით რამდენიმე თვეში?  …რომ გადახვალთ [ოპოზიციაში], შეგვეჯიბრეთ, ვნახოთ, ჩვენზე უკეთესები იქნებით თუ არა, მალე მოემზადეთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი