„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მმართველობას, როგორიც, თავის მხრივ, „ქართული ოცნებაა“.
დღეს პარლამენტში ოპოზიციის კითხვების საპასუხოდ პრემიერი გიორგი გახარია მივიდა. სხდომის დროს ბოკუჩავამ მას მიმართა და თქვა, რომ გახარია რუსეთის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი.
„მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა. შემდეგ კი ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი, სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი. ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ახალგაზრდები.
ისინი იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ, კარგ მომავალს. თქვენ არ გიმსახურებენ, ბატონო გახარია. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებთ. თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ „თვალთხარია-გახარიას“ სახელს და იმ მისამღერს ვერასდროს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს.
მაგრამ ამ ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, ასევე არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ქვეყანაში ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობდეს. და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული, დაბურული მინების მქონე მანქანებით გადაადგილებული პრემიერ-მინისტრი“,- ამბობს ბოკუჩავა.
მისივე თქმით, ქვეყანა ასევე არ იმსახურებს იმას, რომ ივანიშვილმა საქართველო „სათამაშო მოედნად აქციოს“, ხოლო მინისტრთა კაბინეტი პაიკებად გამოიყენოს.
საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.