ახალი ამბები

აღსრულების ბიურო: მთავრობის კომპენსაციებზე იძულებითი აღსრულება არ მოხდება

29 მაისი, 2020 • 1715
აღსრულების ბიურო: მთავრობის კომპენსაციებზე იძულებითი აღსრულება არ მოხდება

საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში მთავრობის მიერ გაცემულ ერთჯერად და მრავალჯერად კომპენსაციაზე იძულებით აღსრულებას არ ახდენს.

როგორც “ნეტგაზეთს” აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, იმ შემთხვევაში, თუკი მოვალეს ადევს ყადაღა ანგარიშებზე და სწორედ ამ ანგარიშზე ჩაირიცხება მთავრობის დახმარება, ამ შემთხვევაში მოქალაქემ უწყებას უნდა წარუდგინოს საბანკო ამონაწერი (შესაძლებელია გაგზავნა ელექტრონული ფოსტით: info@nbe.gov.ge) და აღმასრულებელი ამ თანხაზე მოვალეს შეზღუდვას მოუხსნის.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ თუკი ანგარიშზე გაგზავნილი იყო ინკასო და მოქალაქეს მთავრობისგან დარიცხული კომპენსაცია ავტომატურად ჩამოეჭრა, აღმასრულებელი ამ შენთხვევაშიც, მოქალაქის მოთხოვნისამებრ, ამ თანხას უკან დააბრუნებს ანგარიშზე.

დასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების შედეგად სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლა, 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

გიორგი გახარიას თქმით, 200-ლარიანი დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება და მთავრობა ამ მიზნით 460 მილიონ ლარს დახარჯავს. მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება თვითდასაქმებულებსაც, რისთვისაც 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ვრცლად ამ თემაზე:

ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს კომპენსაციას მთავრობისგან – პასუხი ყველა კითხვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი