ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ს გრანტით შექმნილი სომხური გამოცემა COVID-19-ზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს – openDemocracy

29 მაისი, 2020 • 1555
აშშ-ს გრანტით შექმნილი სომხური გამოცემა COVID-19-ზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს – openDemocracy

პოპულარული სომხურენოვანი ვებ-გვერდი medmedia.am, რომელიც კორონავირუსს “ფეიკ-პანდემიად” წარმოაჩენს და ამავე დროს, კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინებს “ბიოლოგიურ ირაღად” მოიხსენიებს,  აშშ-ს გადამხდელთა ფულით  დაფინანსდა, – ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს დამოუკიდებელი გლობალური მედია ორგანიზაცია openDemocracy.net ავრცელებს.

როგორც openDemocracy-ის სტატიაში წერია, ვებ-გვერდი 2019 წელს სომხეთში აშშ-ს საელჩოს “დემოკრატიის ხელშემწყობი” მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია “სომხეთის ახალგაზრდა ექიმების ასოციაციის” (AAYD) მიერ შეიქმნა.

ვებ-გვერდს, დღეში საშუალოდ 100 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს,  ყოველდღიურ ოფიციალურ ახალ ამბებთან და განცხადებებთან ერთად,  ვებ-გვერდზე განთავსებულია ისეთი ტიპის მასალები, სადაც მოუწოდებენ მკითხველს, უარი თქვან კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაციაზე – აღნიშნულ სტატიას 131 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.  ამასთან, ვებ-გვერდის ცალკეული მასალები, განსაკუთრებით, აქტიურად ვრცელდება ფეისბუკით.

openDemocracy ყურადღებას ამახვილებს ასევე  ვებ-გვერდის ინფორმაციაზე, თითქოს სომხეთში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებს 200 აშშ დოლარს სთავაზობენ იმისთვის, რომ პაციენტი კორონავირუსით გარდაცვლილად გამოაცხადონ.

“აშშ-ს საელჩო სომხეთში ადასტურებს, რომ გრანტების პროგრამის ფარგლებში ნამდვილად დაფინანსდა აღნიშნული ვებ-გვერდი, თუმცა, არ ასახელებს გრანტის ოდენობას და არც ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე აკეთებს კომენტარს”, – ვკითხულობთ საგამოძიებო სტატიაში.

გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ვებ-გვერდის შემქმნელმა აღნიშნულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი ევროკავშირიდანაც მიიღო.

სტატიაში წერია, რომ ვებ-გვერდი medmedia.am დაფუძნებულია ექიმ გევორგ გრიგორიანის მიერ, რომელიც იქამდე ჰომოფობიური გამონათქვამებითაც იყო ცნობილი, მაგალითად, ისეთი გამონათქვამებით, როგორიცაა “ყველა გეი უნდა დაწვა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი