ახალი ამბები

კვლევა: კარანტინში სახლიდან მომუშავე ქალები ბავშვის მოვლასა და საოჯახო საქმეებზე კაცებზე მეტ დროს ხარჯავენ

28 მაისი, 2020 • 926
კვლევა: კარანტინში სახლიდან მომუშავე ქალები ბავშვის მოვლასა და საოჯახო საქმეებზე კაცებზე მეტ დროს ხარჯავენ

ფისკალური კვლევის ინსტიტუტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ერთობლივი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის შემდეგ სახლებში, სადაც დედაც და მამაც დასაქმებულია (სახლიდან მუშაობენ სამსახურისთვის), ქალებს მეტი შრომა უწევთ, რადგანაც ისინი მეტ დროს ხარჯავენ ბავშვების მოვლასა და საშინაო საქმეებზე, ვიდრე მათ პარტნიორები.

BBC-ის ცნობით, ბრიტანეთში კვლევის ფარგლებში გამოკითხული 3 500 ოჯახიდან დგინდება, რომ სახლიდან სამსახურისთვის, კაცების ნამუშევარ ყოველ 3 საათზე, ქალები უწყვეტად მუშაობას მხოლოდ ერთი საათით ახერხებენ, რადგან საშინაო საქმეების კეთებაც უწევთ.

”დედები საშუალოდ მამებზე მეტ დროს ხარჯავენ ბავშვის მოვლასა და საოჯახო საქმეებზე”, – ამბობს მკვლევარი და ეკონომისტი ლუსი კრაფტმენი.

მისი თქმით, ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქალიც და კაციც ბავშვის მოვლასა და საშინაო საქმეებში თანაბარ დროს ხარჯავენ, ისეთი შემთხვევებია, როდესაც ორივე მშობელი წარსულში დასაქმებული იყო, თუმცა კაცმა ანაზღაურებადი მუშაობა შეწყვიტა, ქალი კი აგრძელებს.

თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც ქალს მეტი შრომის გაწევა უწევს, ვინაიდან, პარტნიორის მსგავსად, საოჯახო საქმეებით დაკავების გარდა, მას დღეში საშალოდ 5 საათით ანაზღაურებადი  სამუშაოს შესრულებაც ევალება.

პაულა შერიდანი, რომელიც დასაქმებულ ქალებს ინსტრუქტაჟს უწევს, ამბობს, რომ მისი კლიენტების აბსოლუტურ უმრავლესობას,  მრავალ სხვა საქმესთან ერთად, საკუთარ თავზე უწევთ აიღონ ვახშმის დაგეგმვის, გრაფიკის შემუშავების და ბავშვებისთვის სასწავლო რესურსების მოძიების საკითხები.

“ოჯახში თანხის ძირითადი შემომტანი მე ვარ. მიუხედავად ამისა, მიწევს მუშაობის შეწყვეტა ლანჩისა და ვახშმის მოსამზადებლად, რადგან ჩემი პარტნიორი არც კი ფიქრობს ეს გააკეთოს”, – უთხრა შერიდანს ერთ-ერთმა კლიენტმა.

კიდევ ერთი ქალი კი, შერიდანის თქმით, ყვებოდა, რომ სამსახურებრივი ზარების შეწყვეტა უწევდა, რადგან ბავშვები კითხვებს უსვამდნენ, სანამ მათი მამა ნეტფლიქსის ყურებით იყო დაკავებული.

შერიდანი მიიჩნევს, რომ შინ შრომის დანაწილებასა და ბავშვის მოვლაზე ამგვარი უთანასწორობა ჯერ კიდევ დეკრეტული შვებულების დროს იწყება, ვიანიდან,  მისი თქმით, ბრიტანეთში ახალშობილის მშობლების მხოლოდ 2% ინაწილებს შვილზე ზრუნვას დეკრეტული შვებულების გამოყენებით. აღნიშნული პრაქტიკა კი, მისი თქმით, მხოლოდ ქალებს აკისრებს ვალდებულებებს, რომელიც ბავშვის აღზრდისთვის არის საჭირო.

“ეს არ არის კაცი VS ქალი ამბავი, პარტნიორს [კაცს] წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ ასეთი რაღაცები ხდება”, – ამბობს შერიდანი იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ოჯახსა და ბავშვის მოვლას უკავშირდება.

ამავე თემაზე

COVID19-ის დასრულების გლობალური სტრატეგია | მოსაზრება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი