ახალი ამბები

თუ სამშენებლო კომპანია ფართების 30%-ს ვერ გაყიდის, მათ აუქციონის წესით, გარკვეულ პირობებში მთავრობა შეიძენს

28 მაისი, 2020 • 2143
თუ სამშენებლო კომპანია ფართების 30%-ს ვერ გაყიდის, მათ აუქციონის წესით, გარკვეულ პირობებში მთავრობა შეიძენს

დეველოპერული სექტორის მხარდასაჭერი პროგრამით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს წარადგინა, ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს მშენებლობის დასასრულებლად დამატებით გარანტიებს შეუქმნის.

კერძოდ, პრემიერის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ ვერ გაყიდა პროექტით გათვალისწინებული ფართების 30 პროცენტი, მათ გარკვეულ პირობებში სახელმწიფო შეიძენს და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში გამოიყენებს. ამისთვის მთავრობა 200 მილიონს დახარჯავს.

“სწორედ იმისთვის, რომ მსგავსი რისკები მიმდინარე კრიზისის პირობებში ჩვენ მაქსიმალურად დავაზღვიოთ, შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის დაახლოებით 200-მილიონიანი პროგრამა, რომელიც ეუბნება მშენებელს, თუ თქვენი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართებიდან 30 პროცენტი ვერ გაყიდეთ, სახელმწიფო მათ შეიძენს და ეს ფართები გამოყენებული იქნება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში”, – ამბობს ლილუაშვილი.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, დეველოპერები გარანტიას მიიღებენ აუქციონის წესით და შესასყიდი 1 კვ.მ-ის ფასი 1700 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

“დეველოპერები გარანტიას მიიღებენ აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი 1 კვ.მ-ის ფასზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 700 ლარს. შესყიდვის გარანტია მოქმედებს გარანტიის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში. გარანტია უქმდება, თუ გარანტიის მიმღები ვერ ახდენს პროექტის სრულად დაფინანსების დადასტურებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად”, – ნათქვამია მთავრობის გეგმაში.

გიორგი გახარიას მრჩეველი აღნიშნავს, რომ ბინები, რომელსაც ამ გზით საელმწიფო შეიძენს, დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილების პროგრამას მოხმარდება.

რაც შეეხება იმ მოქლაქეებს, რომლებიც უკვე დაზარალდნენ დაუსრულებელი მშენებლობებით, ლილუაშვილის თქმით, მათ დასახმარებლად პროგრამა უკვე მოქმედებს და ის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. კერძოდ, ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად თბილისის მერიაში დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულთა 30 განაცხადია შესული, რომლის დაკმაყოფილების შემდეგ ისარგებლებს 4 000 ადამიანი.

გახარიას მრჩეველი აღნიშნავს, რომ იგეგმება განაცხადების მიღების ვადის ერთი წლით გახანგრძლივება და მთავრობა ამჟამად მუშაობს, რომ ის მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცლდეს და არა მხოლოდ თბილისში, როგორც ამჟამად:

“იმ 30 განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, რომელიც მერიას წარმოებაში აქვს, დაკმაყოფილდება დაახლოებით 4 000 ადამიანი, რომელიც დაზარალებულია დაუსრულებელი მშენებლობით. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეიტლება, ამ დროებითი ღონისძიებებით სარგებლობისთვის გახანგრძლივდეს ვადა განაცხადის შეტანაზე 1 წლის განამვლობაში. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს პროგრმა არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდეს”, – ამბობს ლილუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი