ახალი ამბები

ტურისტებს PCR-ტესტის ცნობები დასჭირდებათ — გახარია

27 მაისი, 2020 • 1218
ტურისტებს PCR-ტესტის ცნობები დასჭირდებათ — გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს „უნდა ჰქონდეთ აქტუალური 72-საათიანი PCR ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ შემოვლენ“. გახარიამ ამის შესახებ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

„როდესაც ვსაუბროთ, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის, აქ ვსაუბროთ არა იმაზე, რომ საზღვრები გავხსენით და ხალხი უკონტროლოდ შემოვიდა, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ, სუფთა დერეფნებზე. შემიძლია გითხრათ, გუშინ მქონდა სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ზუსტად ამ თემაზე — იქიდან დაინტერესება ძალიან სერიოზულია, ოღონდ აინტერესებთ, ჩვენი მენეჯმენტი როგორია, როგორ ვიცავთ სივრცეს და ქვეყანას ვირუსის გავრცელებისგან, განსაკუთრებით საქართველოს პირობებში, როცა ყველა ხედავს რა ხდება მეზობლებთან და ჩვენ სერიოზული დასაბუთება მოგვიწევს იმის, რომ საქართველოში ჩამოსული სტუმარი არ დადგება რისკის ქვეშ.

ამიტომ იქნება მწვანე კორიდორები, ეს პროტოკოლები უკვე დამუშავებულია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად ორმხრივი მოლაპარაკებების ფარლგებში. მაგალითად, საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72-საათიანი PCR ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ შემოვა. მოგეხსენებათ, ევროპაში უკვე განიხილავენ კოვიდ-პასპორტის თემას. ჩვენც შევქმნით ამ ტესტების აღების შესაძლებლობას, თუ ასეთი შემთხვევები იშვიათი გვექნება, რომ ჩამოსულ ადამიანს ტესტი არ ექნება. მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი წესი იქნება დაცული.

ეს ორგანიზებული ჯგუფები მოხვდებიან კონკრეტულ სასტუმრო კომპლექსებში, რომლებსაც ასევე ექნებათ ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროსგან შემოწმების შემდეგ, რომ ისინი ითვალისწინებენ [უსაფრთოხების ზომებს]. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ტურიზის რეპუტაციას ვაყენებთ რისკის ქვეშ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ტურიზმში არ დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე, პირიქით, ჩვენ ყველაფერს უნდა დავუმატოთ ძლიერი ბრენდი, როგორც საქართველო COVID-Free და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა“, — აღნიშნა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი