ახალი ამბები

გახარიას თქმით, განახლებული ბიუჯეტი პარლამენტში 5 ივნისამდე შევა

27 მაისი, 2020 • 971
გახარიას თქმით, განახლებული ბიუჯეტი პარლამენტში 5 ივნისამდე შევა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში 5 ივნისამდე წარადგენს.

დღეს, 27 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას გახარიამ 2020 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ კორექტირებული ნაერთი ბიუჯეტი 11.9 მილიარდი ლარი იქნება, ანუ პანდემიამდე დაგეგმილ ბიუჯეტზე თითქმის 2 მილიარდი ლარით ნაკლები. პრემიერი ასევე განმარტავს, რომ წლევანდელ ბიუჯეტში 350 მლნ ლარი უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლისთვის გამოიყოფა, რაც მოიცავს ტესტებს, მკუნრალობას და სხვა ხარჯებს.

“დაახლოებით მილიარდი ლარი გამოიყოფა მოქალაქეებისთვის სოციალურ დახმარებაზე, 1.7 მილიარდი გამოყოფილია ბიზნესის დასახმარებლად. მნიშვნელოვანი რიცხვი, რომელიც თქვენ ალბათ დაგაკლდათ, იყო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, რომელიც გაზრდილია 6-დან 8.5-მდე. ეს პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკვე შეთანხმებული გვაქვს”, – ამბობს გახარია.

პრემიერ-მინისტრს ბიუჯეტზე კითხვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ დაუსვა. პარლამენტის წევრი დაინტერესდა, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე პარლამენტში განახლებული ბიუჯეტის წარდგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი