ახალი ამბები

3000-ლარიანი ჯარიმები მძიმე გადასახდელია, თუმცა ჩამოწერა შეიძლება დამღუპველი იყოს – მდინარაძე

27 მაისი, 2020 • 2449
3000-ლარიანი ჯარიმები მძიმე გადასახდელია, თუმცა ჩამოწერა შეიძლება დამღუპველი იყოს – მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ჯარიმები, რომელიც საგანგებო სიტუაციის დროს დაწესებული ნორმების დარღვევისთვის გამოიწერა, რთული გადასახდელი იქნება მოსახლეობის უმრავლესობისთვის. თუმცა, მისივე აზრით, ჯარიმების გაუქმების შემთხვევაში, კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღის დროს მოსახლეობა დაწესებულ ჯარიმებს არ გადაიხდის. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს, 27 მაისს განაცხადა.

“დაჯარიმებული ადამიანების 90%-სთვის ეს იქნება ძალიან მძიმე გადასახდელი, თუმცა ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ თავიდან პრევენციული თვალსაზრისით ამან ძალიან კარგად იმუშავა. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულებით პრობლემა: ერთი, რომ ძალიან გაუჭირდებათ გადახდა და რაღაც უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ მეორე გამოწვევა არის ის, რომ მეორე ტალღას როდესაც ელოდება ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, და მთელი მსოფლიო, უკვე დღეს თუ ასე მარტივად ჩამოიწერება ეს ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, სულ რომ 10 ან 100 ათასი ლარი იყოს პირობითად, იმასაც მოუხსნიან და პრევენციულად შეიძლება ამან არ იმუშაოს და დამღუპველი იყოს. ამიტომ, ეს გარკვეულწილად ჩიხური სიტუაციაა, მაგრამ გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის წევრები დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აღნიშნული ჯარიმების შესახებ კითხვებს დაუსვამენ და გახარია საკუთარ ხედვას გაგვაცნობს.

“ევროპული საქართველო” საგანგებოს დარღვევისთვის დაჯარიმებულთათვის ამნისტიას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი