ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” საგანგებოს დარღვევისთვის დაჯარიმებულთათვის ამნისტიას ითხოვს

27 მაისი, 2020 • 1089
“ევროპული საქართველო” საგანგებოს დარღვევისთვის დაჯარიმებულთათვის ამნისტიას ითხოვს

“ევროპული საქართველო” ითხოვს, საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდნენ. პარტიამ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც დაარეგისტრირა.

პარტია ამნისტიას ითხოვს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. “ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ სანქციების დაკისრების ნაწილში ხელისუფლებამ შესაბამისი დეკრეტი არასამართლიანად გამოიყენა და მას შერჩევითი ხასიათი ჰქონდა.

“გამომდინარე მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობიდან, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ მიღებულ უნდა იქნას ამნისტიის კანონი, რომელიც დაჯარიმებულ პირებს გაათავისუფლებს დაკისრებული შეუსაბამო და უსამართლო ფინანსური ვალდებულებების შესრულებისგან.

შედეგად, ის მოქალაქეები, რომლებსაც დაეკისრათ შეუსაბამო ჯარიმები, გათავისუფლდებიან ფინანსური ვალდებულებების შესრულებისგან, რაც მათი ეკონომიკური მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

პარტიის მიერ კანონპროექტში ასახული მონაცემებით, გამოწერილი ჯარიმების საერთო ოდენობა 25 მილიონ ლარს აჭარბებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში, მისი დარღვევისთვის  ფიზიკურ პირებს 3 000 ლარით აჯარიმებდნენ, იურიდიული პირებს კი – 15 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი