ახალი ამბები

ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს ახალი კონფლიქტის საფუძველი – სოვლაბი

27 მაისი, 2020 • 1587
ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს ახალი კონფლიქტის საფუძველი – სოვლაბი

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით მარნეულისა და ჰუჯაბის მიტროპოლიტის განცხადებებს აკრიტიკებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ  სასულიერო პირის რიტორიკა არ არის მიმართული ისტორიული პროცესების ფართოდ შეფასებისკენ და ნარიმანოვის პოლიტიკური მოღვაწეობის კრიტიკულად და ცივილურად გააზრებისაკენ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში წარსულის გააზრება არ ყოფილა პოლიტიკის ნაწილი, რადგან სახელმწიფოს ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს:

“- არ ჩაატარა ლუსტრაციის პროცესი;

– არქივები კვლავაც ხელმიუწვდომელია. მკვლევრებისთვის დოკუმენტებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს. არ არის გამოქვეყნებული იმ პირთა სია, რომლებიც თანამშრომლობდნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან.

– საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის სამართლებრივი შეფასება არ მომხდარა”, – წერია განცხადებაში.

“სოვლაბი” აღნიშნავს, რომ მარნეულის გარდა საქართველოში ამ დრომდე მრავლადაა საბჭოთა “საზოგადო მოღვაწეების” ძეგლები, მათი სახელები კი რიგ ქუჩებს ჰქვია.

“ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის, ვლადიმერ ლენინის ძეგლების აღება 90-იან წლებში საქართველოს საზოგადოების დიდი ჩართულობით მოხდა. ამ აქტს საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოუწვევია, არც კონფლიქტის საფუძველი გამხდარა”, – წერს ორგანიზაცია.

“სოვლაბის” განცხადებით, ნარიმანოვი, როგორც ისტორიული ფიგურა, “უნდა იზიარებდეს საბჭოთა ოკუპაციის (აზერბაიჯანისა და საქართველოს) კოლექტიურ პასუხისმგებლობასა და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებას მოყოლილი დანაშაულებების მორალურ ტვირთს”. ორგანიზაცია აქვე გამოთქვამს წუხილს, რომ ამ ფონზე, კოლექტიური მეხსიერებიდან გაქრნენ საქართველოში მცხოვრები ის ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.

“ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის განცხადება არ არის მიმართული ისტორიული პროცესების ფართოდ შეფასებისკენ და ნარიმან ნარიმანოვის პოლიტიკური მოღვაწეობის კრიტიკულად და ცივილურად გააზრებისაკენ.

– ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს საფუძველი ამ რეგიონში ახალი კონფლიქტის წარმოშობის. მიგვაჩნია, რომ მაღალი სასულიერი იერარქები უნდა ცდილობდნენ, რომ საქართველოში იყოს – „ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

– ძეგლების ჩამოხსნა და დადგმაც უნდა მოხდეს საზოგადოებაში კონსენსუსის საფუძველზე. ძალადობრივად, ფრაგმენტულად, სახალხო თანხმობის გარეშე ძეგლების ჩამოხსნამ შესაძლოა უკუშედეგი მოგვცეს და ისინი კერპებად იქცნენ”, – აღნიშნავს “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია”.

ეპისკოპოსის განცხადებებსა და გამოხმაურებებზე წაიკითხეთ აქ:

ნარიმანოვის ძეგლი: ეპისკოპოსის ხისტი განცხადებები დისკუსიის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი