ახალი ამბები

“გაზპრომთან” კონტრაქტის გადახედვა ფასის 15%-ით დაკლებას ემსახურება – თურნავა

26 მაისი, 2020 • 1261
“გაზპრომთან” კონტრაქტის გადახედვა ფასის 15%-ით დაკლებას ემსახურება – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, რუსულ კომპანია “გაზპრომთან” და აზერბაიჯანულ “სოკრათან” ბუნებრივი აირის შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებები გადაიხედა.

თურნავას თქმით, მოქმედი ხელშეკრულებების გადახედვა ფასების შემცირებას ემსახურება.

“ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება “გაზპრომთან” უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო მე ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც “სოკარი”, ასევე “გაზპრომიც” ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს და ეს იქნება დამოკიდებული ბაზრის კონიუნქტურაზე”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) და რუსულმა Gazprom Export-მა 2019 წლის 13 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფი 2020 წლის აპრილში განაახლეს. ახალი ტარიფი, რომლის ოდენობა გასაიდუმლოებულია, 2020 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი