ახალი ამბები

ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილში გასახდელი ოთახები უქმდება

26 მაისი, 2020 • 2021
ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილში გასახდელი ოთახები უქმდება

„რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორის, რეზო მაღალაშვილის თქმით, მათი კომპანიის მფლობელობაში მყოფ 60 მაღაზიაში ტანსაცმლის გასასინჯი ოთახები უქმდება. მაღალაშვილის თქმით, ამის მიზეზი უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და თანამშრომლებისა და მომხარებლების დაცვაა.

“ჩვენი კომპანია 11 ქვეყანაშია, აქედან 9-ში გავიხსენით უკვე და, შესაბამისად, გამოცდილება დაგვიგროვდა, როგორ უნდა დავიცვათ მაქსიმალურად უსაფრთხოების ნორმები. ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმი იყო გასახდელი ოთახების დროებით გაუქმება. ჩვენ ასევე გავახანგრძლივეთ დაბრუნება-გადაცვლის პროცედურები, შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია მშვიდად შეიძინოს ტანისამოსი და ნაცვლად 3 დღისა, ეძლევათ ერთი კვირა, რომ გადაცვალონ ან დააბრუნონ შეძენილი ტანსაცმელი”, – განმარტა მაღალაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, გასახდელის მცირე სივრცის გამო ვირუსის გავრცელების რისკები იზრდება. გარდა ამისა, უკვე მოსინჯული ტანსაცმლის დარბაზში დაბრუნებაც რისკის შემცველია. ამიტომ, გასახდელი ოთახების გაუქმებასთან ერთად, კომპანიამ შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ დაბრუნებული ტანსაცმლის შემთხვევაში. მაღალაშვილის თქმით, მაღაზიაში დაბრუნებული ტანსაცმელი მოხვდება კარანტინში, სადაც მას ჩაუტარდება დეზინფექცია და 48 საათის შემდეგ ნივთი დარბაზში დაბრუნდება.

“ეს არ ყოფილა სახელმწიფოს რეკომენდაცია, უბრალოდ, მე გავაჟღერე ეს გამოცდილება, რომ მივაწოდოთ ხმა ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა მუშაობს რეგულაციებზე. ჩვენ მზად ვართ არა მხოლოდ იმ რეგულაციებით ვიხელმძღვანელოთ, რომელიც სახელმწიფომ დაადგინა, არამედ პლუს კიდევ იმ გამოცდილებით, რაც სხვა ქვეყნებში ჩვენს კომპანიას დაუგროვდა”, – განაცხადა მაღალაშვილმა.

მისი განმარტებით, კომპანია მაქსიმალურად ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, რომ თუნდაც მკაცრი რეგულაციების პირობებში მათ დროულად მოახერხონ მუშაობის დაწყება.

მაღალაშვილის თქმით, კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯია” საქართველოში 60-მდე მაღაზიას ფლობს, რომელიც 30-ზე მეტ ბრენდს აერთიანებს, მათ შორის არის ისეთი ბრენდები, როგორიცაა “ზარა”, “მასიმო დუტი”, “მანგო”, “მარკს ენდ სპენსერი”, “ალდო”, “კლარკსი”, “ფულ ენდ ბეარი”, “ბერშკა”, “გეპი” “ეფ ენდ ეფ”  და ა.შ. მისი თქმით, მათი მაღაზიები თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრშია განთავსებული, ასევე ამ მაღაზიებს შეხვდებით რუსთაველის გამზირზეც.

როგორც მაღალაშვილი ამბობს, ტანსაცმლისგან განსხვავებული მიდგომა იქნება ფეხსაცმელთან მიმართებით, რადგან ფეხსაცმლის შემთხვევაში, მათი მაღაზიები აღჭურვილია სპეციალური ერთჯერადი პოლიეთილენის პარკის წინდებით, რომელიც მოზომვის შემდეგ ნაგავში ხვდება. მაღალაშვილის განმარტებით, ეს ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროსაც და დაინტერესდა, აღნიშნული წესი შესაძლოა თუ არა სხვა მაღაზიებზეც გავრცელდეს. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი