უცხოეთიდან დაბრუნებული და კარანტინში განთავსებული ადამიანები თვითიზოლაციის ფორმებს ავსებენ, თუმცა ისინი უპასუხოდ რჩებიან, ამასობაში კი, დადგენილი 14-დღიანი ვადაც გადის – ეს ინფორმაცია ფეისბუკზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორმა ნონა ქურდოვანიძემ გაავრცელა.
იურისტი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ პირებს, რომლებიც ფორმებს ავსებენ, არ ეძლევათ განმარტება, რატომ არ კმაყოფილდება მათი მოთხოვნა თვითიზოლაციასთან დაკავშირებით.
“არსებული რეგულაციებით დადგენილია ეს პროცედურა: საქართველოში ვინც ბრუნდება, მისთვის სავალდებულოა, 14 დღის განმავლობაში იყოს მოთავსებული. თავდაპირველად, საკარანტინე ზონაში და შემდეგ, თუ მას აქვს შესაბამისი პირობები, რომ გადავიდეს თვითიზოლაციაში, შეუძლია, შეავსოს შესაბამისი ფორმა. უნდა მოხდეს იმ ადგილის შემოწმება, სადაც ის ითხოვს, რომ იყოს თვითიზოლაციაში და გაეცეს პასუხი, დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა თუ არა.
ვაწყდებით შემდეგ პრობლემას: ისინი ავსებენ ფორმას, აგზავნიან შესაბამის მეილზე, მაგრამ არ უბრუნებენ პასუხს. ისე იწურება ეს საკარანტინე პერიოდი, მათ არანაირი განმარტება არ ეძლევათ, რატომ არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა თვითიზოლაციაში გადასვლასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ქურდოვანიძე.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, გასაჩივრების მექანიზმი არსებობს, თუმცა მეორე საკითხია, რა ვადებში განიხილავს მას ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი განყოფილება.
“შესაძლოა, ისე აღმოჩნდეს, რომ საკარანტინო პერიოდი გავიდეს და საჩივარი ჯერ კიდევ არ იყოს განხილული”, – ამბობს იურისტი.
ჯანდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან პირობები გამკაცრდა და თვითიზოლაცია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში განიხილება.
“ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის რისკის ჯგუფის ქვეყნიდან ან რეგიონიდან, არის კონტაქტი დადასტურებული შემთხვევის ან covid-19-თვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოხვდა სამედიცინო დაწესებულებაში, გაწერის შემდეგ გადის სავალდებულო კარანტინს.
თვითიზოლაცია განიხილება ინდივიდუალურად, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გადაწყვეტილების მიღება ხდება შესაბამისი სამსახურების მიერ”, – აღნიშნავენ უწყებაში.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, აქ პრობლემურია ფაქტი, რომ მოქალაქეებმა, რომელთაც ფორმები შეავსეს, სახელმწიფო ამ დრომდე არ უბრუნებს პასუხს და არ ეუბნება, იხილავენ თუ არა მათ განცხადებებს. მისივე თქმით, ასევე უნდა დაზუსტდეს, როგორ განმარტავს ჯანდაცვის უწყება საჭიროებების მქონე პირების საკითხს და კონკრეტულად, ვის შეუძლია თვითიზოლაციაში წასვლა.
მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge 10 აპრილიდან გამკაცრებული ზომების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია, თუმცა ამავე გრაფაში კვლავ არის მოცემული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შემოსული მოქალაქე 14 დღის მანძილზე ექვემდებარება “თავდაპირველ კარანტინს და შემდეგ-შესაძლო თვითიზოლაციას”.