ახალი ამბები

კრიზისმა შეიძლება, ხელი შეუწყოს რუსეთის აგრესიას – ზურაბიშვილი

25 მაისი, 2020 • 1229
კრიზისმა შეიძლება, ხელი შეუწყოს რუსეთის აგრესიას – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გაფრთხილებას იძლევა, რომ რუსეთის მიერ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ბრძოლა და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია ნავთობის ფასების დაცემით, შეიცავს რისკს, გამოიწვიოს კრემლის ახალი აგრესია მის საზღვრებს გარეთ, – წერს Financial Times სტატიაში, სახელწოდებით “საქართველოს პრეზიდენტი გაფრთხილებას იძლევა, რომ კრიზისმა შესაძლოა, რუსეთის აგრესია გამოიწვიოს”.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ რუსეთში შიდა პრობლემები უფრო მეტად იწვევს საგარეო აგრესიულ განწყობილებას, ვიდრე “თანამშრომლობის გზით მეზობლებთან ურთიერთობების გადახედვის” მცდელობებს.

”პანდემიის კრიზისმა, ნავთობის კრიზისმა… და პოლიტიკურმა ვითარებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთს, იყოს უფრო აგრესიული, რათა აჩვენოს მიღწევები გარეთ”, – თქვა ზურაბიშვილმა Financial Times–თან ინტერვიუში. ამავდროულად, მან იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად ასე არ მოხდება და “შეიძლება კრიზისმა რუსეთის ხელმძღვანელობას აჩვენოს, რომ შეუძლია მათი პრობლემების გადაჭრისთვის განსხვავებულ გზებს მიმართოს“.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია, რადგან კრემლს არ გამოუყენებია საგანგებო სიტუაციით გაჩენილი შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართულებით დაძაბულობის განმუხტვისთვის.

მისი თქმით, ახალი რისკები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოვიდ 19-თან მიმართებით მოსკოვის ღიაობის ნაკლებობისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის სამხრეთ ოსეთში მოქალაქეების დასახმარებლად წვდომაზე „აბსურდული“ შეზღუდვების დაწესების გამო შეიქმნა.

“ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, გვერდში დავდგომოდით მათ იმდენად, რამდენადაც შეგვეძლო. პირიქით, სეპარატისტული ხელისუფლება უფრო დაიძაბა ურთიერთობებში და სურვილი გაუჩნდა ყველაფრის გაკონტროლების. რუსეთის მხრიდანაც არ გვინახავს რამე სახის განვითარება: ჩვენ ვერ ვნახეთ გამჭვირვალობა პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის თვალსაზრისით”, – ამბობს ზურაბიშვილი.

Financial Times წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი შეუწყო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას საქართველოში, გადაარჩინა რა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიღწეული კომპრომისი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თითქოს ისე ჩანდეს, რომ ევროკავშირს არ ექნება “დრო ან სურვილი სხვისთვის“, საგანგებო სიტუაციამ აჩვენა, რომ “რეგიონული გაერთიანებები ან ბლოკები უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს” კრიზისიდან გამოსვლის კუთხით.

მასალების გადაბეჭდვის წესი