ახალი ამბები

ავსტრიის პრეზიდენტი ბოდიშს იხდის საკარანტინე ზომის დარღვევის გამო

25 მაისი, 2020 •
ავსტრიის პრეზიდენტი ბოდიშს იხდის საკარანტინე ზომის დარღვევის გამო

ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის დარღვევისათვის ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ ეს შემთხვევით მოხდა.

BBC-ის თანახმად, პრეზიდენტი ვენის ერთ-ერთ რესტორანში 23:00-ის შემდეგაც დარჩა. ამ დროს კი, მთავრობის ბრძანების თანახმად, ყველა კაფე და რესტორანი უნდა დაიხუროს.

ვან დერ ბელენი ტვიტერზე წერს, რომ მეგობრებთან საუბრისას დროის შეგრძნება დაკარგა.

“გულწრფელად ვიხდი ბოდიშს, ეს შეცდომა იყო. კარანტინის[დაწესების] შემდეგ პირველად გავედი გარეთ ორ მეგობართან და ჩემს ცოლთან ერთად. შემდგომ კი, საუბრისას, დავკარგეთ დროის შეგრძნება”, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

მედიის თანახმად, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ მალევე პოლიციამ გააჩერა.

ავსტრია ევროპაში ერთ-ერთი პირველი იყო როგორც მკაცრი საკარანტინე ზომების დაწესების, ისე მათი შემსუბუქების კუთხით. აპრილიდან ქვეყანაში საზოგადოებრივი პარკები, პატარა მაღაზიები და სხვა დაწესებულებები გაიხსნა.

შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში ასევე გაიხსნა რესტორნები და კაფეები იმ პირობით, რომ 23:00-ზე ყველა მათგანი უნდა დაიხუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ ჯარიმები ემუქრებათ. პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა, თუ ზემოაღნიშნული რესტორნის მფლობელი დაჯარიმდება.

თავად მფლობელის თქმით, მისი რესტორანი კანონით დათქმულ დროს დაიხურა, თუმცა იფიქრა, რომ ადამიანებს, სურვილის შემთხვევაში, ტერასაზე დარჩენა შეეძლოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი