ახალი ამბები

როგორ დარეგულირდება მიმოსვლა 23 მაისიდან – მთავრობის დადგენილება

24 მაისი, 2020 • 1762
როგორ დარეგულირდება მიმოსვლა 23 მაისიდან – მთავრობის დადგენილება

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 15 ივლისამდე იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.

პარლამენტის მიერ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის” შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების შენარჩუნება 15 ივლისამდეა შესაძლებელი. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების ვადაც 15 ივლისამდეა განსაზღვრული, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ შეზღუდვები მანამდე ეტაპობრივად მოხსნას.

დადგენილების მიხედვით, რომელიც ძალაში დღეს, 23 მაისს შევიდა და რომელიც 15 ივლისამდე მოქმედებს მიმოსვლა შემდეგნაირად რეგულირდება:

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ კვლავ შეჩერებულია:

  • სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;
  • საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;
  •  საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;
  •  რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

ასევე დადგენილების მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფისა და ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს და თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით, მინიჭებული აქვთ მარშრუტების განსაზღვრის უფლებამოსილება. თუმცა, სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია, ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია, ხოლო მძღოლი და მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით.

ასევე დადგენილების მიხედვით, კვლავ აკრძალულია ტაქსით გადაადგილებით მომსახურებისას მძღოლის გარდა 2-ზე მეტი პირის გადაყვანა. ამასთან, მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა სავარძელზე.

ამასთან, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციას დაამუშავებს. კერძოდ, დამუშავდება ინფორმაცია ავიარეისის ნომრის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემების, თანამგზავრების, საკონტაქტო ინფორმაციისა და დაავადების გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და დაავადების პრევენციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების შესასრულებლად.

ასევე, კვლავ შეჩერებულია საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაც.

შეჩერებულად რჩება პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები. შეზღუდვა არ ვრცელდება ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქრათველოში მგზავრების გადაყვანის მიზნით. დადგენილების მიხედვით, შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის მცურავი საშუალების ორგანული ვერტმფრენის მიერ საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებში სასწავლო მიზნებით განხორციელებულ ფრენებზე.

რაც შეეხება ჩარტერულ ფრენებს, მათ განსახორციელებლად განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

დადგენილება არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვები 15 ივლისამდე მოიხსნება – მთავრობის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი