საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სომხეთის შესაბამისი უწყებები საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით გამოთქვეს წუხილი საქართველოს მხრიდან კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების ეჭვქვეშ დაყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ზალკალიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
“ერთ-ერთი პირველი რეაგირების სახით, ჩვენ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, რომ მათ ოფიციალურ ფეისბუკ საიტზე გააკეთეს შესაბამისი განმარტება ამ პოზიციასთან დაკავშირებით და მე ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ზარი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან. დარეკა ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც მათი განმარტებით იყო არასწორად ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და ისინი ამის შესახებ ძალიან წუხან და საელჩოს სთხოვა, რომ ეს პოზიცია გადმოეცა თბილისისთვის”, – განაცხადა ზალკალიანმა.
ზალკალიანის თქმით, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის დაბალი გავრცელების შესახებ საუბრისისას, ეჭვი შეიტანა საქართველოში კორონავირუსზე ტესტების სიზუსტეში და ასევე, განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ პირებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, ქართულმა მხარემ მოახდინა რეაგირება დიპლომატიური არხების საშუალებით:
“ჩვენ როგორც კი მედიიდან შევიტყვეთ მსგავსი განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ გვქონდა რეაგირება დიპლომატიური არხების საშუალებით, მათ შორის ჩვენი საელჩო ერევანში დაუყოვნებლივ შესაბამის სტრუქტურებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს იმისთვის, რომ მათ გაეკეთებინათ შესაბამისი განმარტებები. ტბილად რომ ვთქვათ ეს ძალიან არაკორექტული იყო მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ, მათ შორის ისეთი მაღლი ოფიციალური პირის მხრიდან, როგორიც ჯანდაცვის მინისტრია”, – განმარტა ზალკალიანმა.
ზალკალიანის თქმით, სომხური მხარე ამბობს, რომ ტოროსიანის განცხადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, შესაბამისად ქარტული მხარის მხრიდან აუცილებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ორიგინალთან შედარება. იმ შემთხვევაში კი თუ დადასტურდა, რომ მედიაში გავრცელებული განცხადება სიმართლეს შეესაბამება, ზალკალიანის თქმით ეს ჩაითვლება სომხეთის მხრიდან არაკორექტულ ნაბიჯად.
“თუ დადასტურდა რაც იყო მედიაში გავრცელებული, ეს იყო არაკორექტული და მსგავსი სახის გამონათქვამები მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ არ უნდა კეთდებოდეს.
ჩვენ, როგორც მეზობელი ქვეყანა დაინტერესებული ვართ, რომ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ყველას ჰქონდეს წარმატება და ბუნებრივია მათი პოზიციაც ლოგიკურად ეს უნდა იყოს, რადგან არ შეიძლება შენ იგრძნო დაცულად და უსაფრთხოდ თავი თუ შენს გარშემო არის სერიოზული პრობლემები”, – აღნიშნა ზალკალიანმა.