სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყოფენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საზღვარი ტერორიზმში ბრალდებულმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილმა პირმა გადმოკვეთა. როგორც უწყებამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, იემენის მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ კი ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა.
“იემენის მოქალაქეს ბრალი ედებოდა ქრთამის მიცემისა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში, არანაირ ტერორიზმე საუბარი არ ყოფილა. საქმეს იძიებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ცენტრი. არანაირად არ ვადასტურებთ, რომ ის წითელი ცირკულარით იძებნება და არც ტერორიზმთან აქვს რაიმე კავშირი”, – განგვიცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით კი, ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ პირი, რომელმაც ლარსის გამშვები პუნქტი ორჯერ უკანონოდ გადმოკვეთა, ალქაიდას ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტერორისტი, აბდულა ჰაჰმედ აბდულაჰი, იგივე აბუ მუჰამედ ალმასრია. ტელეკომპანიის ცნობით, თავდაპირველად აღნიშნული ფაქტის შესახებ მათ სანდო წყაროდან შეიტყვეს, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კი მათ ხელთ არსებული მონაცემები ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის მონაცემებს დაემთხვა.