ახალი ამბები

საპატრიარქოსთვის ტყეების დაკანონებას წინასაარჩევნო კონტექსტი აქვს – თამთა მიქელაძე

22 მაისი, 2020 • 1729
საპატრიარქოსთვის ტყეების დაკანონებას წინასაარჩევნო კონტექსტი აქვს – თამთა მიქელაძე

პარლამენტის მიერ ტყის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა.


– საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა “ტყის კოდექსში” ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს. კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, EMC-ის კრიტიკის საგანი გახდა. თქვენი შეფასებით, რატომ არის პრობლემური ეს გადაწყვეტილება?

– ეს ჩანაწერი პრობლემურია იმიტომ, რომ ის არ ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს და შეუძლებელია, სამართლებრივი ლოგიკით აიხსნას, რატომ შეიძლება არსებობდეს ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და მდგრადი საჯარო რესურსების რელიგიური ორგანიზაციის საკუთრებაში გადაცემაზე. მეორე მხრივ, არის უთანასწორობის შემქმნელი, ვინაიდან იგივე პირობებს არ ავრცელებს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზე და შეუძლებელია არსებობდეს ამ დიფერენცირების ლეგიტიმური ახსნა, რატომ საპატრიარქოს და არა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს? ამდენად, ეს ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის, ერთი მხრივ, თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპთან და უფლებასთან და, ამავდროულად, პრობლემურია სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის და სეკულარიზმის არგუმენტებითაც. ამგვარი ჭარბი პრივილეგია ერთი რელიგიური ორგანიზაციის მიმართ ნიშნავს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული სეკულარული წონასწორობის რღვევას და ეკლესიასთან ჭარბი კავშირების გაჩენას, რაც მთლიანობაში დემოკრატიულ პროცესებს აზიანებს.

ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური კონტექსტი, მათ შორის, წინასააჩევნო. წინა ხელისუფლების პირობებშიც, პოლიტიკური და სოციალური კრიზისების დროს, ჩანდა ფინანსური რესურსების გადაცემა ეკლესიისთვის. “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს უფრო უძრავი ქონების გადაცემის პრაქტიკაა. მთლიანობაში აშკარაა, რომ ძალიან სუსტი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური ხელისუფლებები და მმართველი პოლიტიკური პარტიები ცდილობენ საპატრიარქოსთვის ლოიალობის დემონსტრირებას, ფინანსური რესურსების გადაცემას და ამის სანაცვლოდ ისინი ელექტორალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ გადაწყვეტილებასაც აშკარად ეს პოლიტიკური კონტექსტი აქვს.

ასევე, ვხედავთ კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობის რისკებს. უკვე ვხედავთ დაძაბულობის ნიშნებს სხვადასხვა რეგიონში, ბოლო პერიოდში ამგვარ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ბოდბეში, ძამას ხეობაში, ადიგენში. არის შემთხვევები, როდესაც საძოვრებს ან მიწის რესურსებს ადგილობრივი გლეხები წლების განმავლობაში მართლზომიერად იყენებენ მათი ყოვედღიური საჭიროებებისთვის. შემდეგ სრულიად თვითნებურად, შესწავლის გარეშე ხდება სახელმწიფოს მხრიდან ამ ქონებების გადაცემა საპატრიარქოსთვის და ბოლოს ეს იწვევს კონფლიქტებს და დაძაბულობებს. ბუნებრივია, რომ ამ დაძაბულობებს დამატებითი რელიგიური შინაარსი შეიძლება მიეცეს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც გლეხებს ისედაც აქვთ მიწის რესურსების და საძოვრების სიმწირე. ეს სოციალურ უკმაყოფილებებს გააჩენს და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, რელიგიური თუ კულტურული დაძაბულობის შინაარსიც შეიძლება მიიღოს.

ამავდროულად, გარდა იმისა, რომ უთანასწორობის შემქმნელია და კიდევ უფრო აღრმავებს იმ უთანასწორობას და ასიმეტრიას, რომელიც საპატრიარქოსა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებობს, თვითონ ამგვარი პოლიტიკა – მუდმივად საპატრიარქოს მხარდაჭერა და მის მიმართ გადაჭარბებული ლოიალობა, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში, ბუნებრივია, რომ იწვევს მეორეხარისხოვანი მოქალაქეობის განცდას. ამ დროს რელიგიური უმცირესობები ვერ აშენებენ მეჩეთებს, სხვა რელიგიურ ნაგებობებს, მათი ისტორიული საკუთრებაც კი მათ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ სახელმწიფომ რელიგიური უმცირესობების მიმართ არ გაატარა რესტიტუციის პოლიტიკა. საპატარიარქოს მიმართ კი ჩანს არა მხოლოდ რესტიტუციის უფლების შესრულება, არამედ ჭარბი მხარდაჭერა, რომელიც უკვე ყველა სხვა ზღვარს გადასცდა.

– ახალ კანონმდებლობაში საუბარია უშუალოდ ეკლესია-მონასტრების ირგვლივ არსებული ტერიტორიების დაკანონებაზე. სხვა რომელიმე რელიგიურ გაერთიანებას ტყეში სამლოცველო უფიქსირდება? (გარემოს დაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ არა). ასევე, როდესაც თანასწორობაზე საუბრობთ, მიზანშეწონილად მიიჩნევთ, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიურ კონფესიებსაც გადაეცეთ ტყე საკუთრებაში, თუ არცერთს არ უნდა ჰქონდეს ეს უფლება?  

– ცხადია, არცერთს არ უნდა გადაეცეს. ეს არის უპირობოდ ასე, არ შეიძლება ნებისმიერი საჯარო რესურსის ყოველგვარი ლეგიტიმური დასაბუთების და მიზნის გარეშე რომელიმე რელიგიური  ორგანიზაციისთვის გადაცემა. საჯარო რესურსების მოხმარება უნდა მოხდეს მხოლოდ საჯარო მიზნებისთვის. რაც შეეხება კითხვას, სხვა რელიგიური ორგანიზაციები ფლობენ თუ არა ტყეში სამლოცველოს, რთულია ახლა კონკრეტულად ჩამოვთვალო, თუმცა არაერთი ჯამე და მეჩეთი მახსენდება ტყის რეგიონში, იგივე ადიგენში, მაღალმთიან აჭარაში. მაგალითად, ჭალას მეჩეთის გარშემო ტყეა. ბუნებრივია, რომ სხვებიც იქნება, იმიტომ, რომ სოფლებში უამრავი ჯამე და მეჩეთია.

– კანონპროექტის ავტორების არგუმენტია, რომ ტყის ფართობებს საპატრიარქო ადრეც განკარგავდა და უბრალოდ მოწესრიგდა არსებული პრაქტიკა: განისაზღვრა გადასაცემი ფართობის მოცულობა და ადგილმდებარეობა – ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი ნორმით ტყის ნებისმიერი მონაკვეთის გადაცემა შეიძლებოდა. ასევე, გაიწერა მთელი რიგი ვალდებულები, რაც ამ ფართობის დასაკუთრებას მოჰყვება. რატომ არის ახალი კანონი უფრო ცუდი, ვიდრე აქამდე მოქმედი?

– არგუმენტი, რომ მე ისედაც ამ თვითნებობას ჩავდიოდი და ვაძლევდი უამრავ ქონებას და ახლა მარტო ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ მივცემ ამ ქონებას, ერთი თვითნებობის მეორე თვითნებობით ჩანაცვლებაა და მგონია, რომ არასერიოზული და არადამაჯერებელია სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ხდებოდა სახელმწიფოს მხრიდან ქონების გადაცემა მანამდეც და იყო ძალიან პრობლემური და ბევრი გაგებით კონსტიტუციასთან შეუსაბამო. თუმცა ტყეების და სტრატეგიული ადგილების გადაცემა აქამდე დიდად თვალშისაცემი არ იყო.  წარმოიდგინეთ, რამდენი ეკლესია-მონასტერია და უზარმაზარი რაოდენობის ტყის რესურსებზეა საუბარი, რომლის მოთხოვნის პირდაპირი უფლება წარმოეშობა ეკლესიას და, ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის ეკლესიის მოთხოვნას და საბოლოოდ, სახელმწიფოს მხრიდან მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობებს.

ვალდებულებების დაცვის საკითხი ზოგადად ნამდვილად წარმოიშობა, მაგრამ დაიცავს კი ამ ვალდებულებებს ეკლესია?! ბუნებრივია, მოლოდინი იმისა, რომ ამ საჯარო რესურსებს საპატრიარქო დაიცავს, ძალიან დაბალია, იმიტომ, რომ იგივე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრაქტიკა რომ ვნახოთ, ძალიან ხშირად საპატრიარქო ისტორიულ ძეგლებსაც კი აზიანებს და მასზე სახელმწიფო რეაგირებას არ ახდენს. ტყის რესურსებს მგონია, რომ უფრო მაღალი დაცვა სახელმწიფოს მხრიდან და უფრო მაღალი ინტერესი ნამდვილად არ ექნება. იმის მოლოდინი, რომ ტყის პირადი მიზნებისთვის გამოყენება და ტყის რესურსის დაზიანება არ მოხდება, ნამდვილად არ გვაქვს.

– აპირებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები?

– ჩვენ ვფიქრობთ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას და, ცხადია, რომ ძირითადი არგუმენტი სწორედ თანასწორობის უფლება იქნება.

ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი