ახალი ამბები

ღია ცის შეთანხმებაზე საქართველო აშშ-თან და სხვა პარტნიორებთან მსჯელობს

22 მაისი, 2020 • 1199
ღია ცის შეთანხმებაზე საქართველო აშშ-თან და სხვა პარტნიორებთან მსჯელობს

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ღია ცის შეთანხმების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველო ამ საკითხთან დაკავშირებით განაგრძობს კონსულტაციებს აშშ-თან და სხვა ქვეყნებთან, იმისთვის, რომ განისაზღვროს, როგორი იქნება ხელშეკრულებაში მისი შემდგომი მონაწილეობა.

წუხელ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ღია ცის“ შეთანხმებას ტოვებს. ამ შეთანხმების თანახმად, მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე აწარმოონ შეუიარაღებელი სადაზვერვო ფრენები, მისი მიზანი კი გამჭვირვალობის ზრდა და შეიარაღებების კონტროლია.

“საქართველომ 2012 წელს შეაჩერა ამ ხელშკერულების ვალდებულება რუსეთთან მიმართებაში, ანუ ჩვენ 2012 წლის შემდეგ ეს ხელშეკრულება გვაქვს შეჩერებული რუსეთთან და არ ვუშვებთ ფრენებს, რომელიც უნდა განახორციელოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან მიმართებაში. ეს პოზიცია არაერთხელ იყო გაჟღერებული, როგორც ვენაში, ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის ფარგლებში, ასევე იყო გაკეთებული საჯარო დამგმობი განცხადებები საქართველოს და ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან.

ამ სიტუაციაშიც ჩვენ ვართ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან, ასევე გრძელდება კონსულტაციები ამ ხელშეკრულების მონაწილე სხვა ქვეყნებთან, იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, თუ როგორი იქნება ჩვენი შემდგომი მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში”, – განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის განმარტებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ამ შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტირება დაიწყო და 2010 წელს გარკვეული შეზღუდვები შემოიღო ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან 10 კილომეტრის რადიუსში ფრენებთან დაკავშირებით:

“მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში, რომ თითქოსდა ეს ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე და ისინი არიან დამოუკიდებელი სუბიექტები, რაც არის საერთშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა, ამ ხელშეკრულების აბსოლიტურად არასწორი ინტერპრეტაცია და ნაკისრი ვალედებულებების შეუსრულებლობა”, – განმარტა ზალკალიანმა.

ზალკალიანმა ასევე ისაუბრა აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ, გასულიყო ღია ცის ხელშეკრულებიდან. ზალკალიანის თქმით, ერთ-ერთ მიზეზად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც დაასახელა. საქართველოსთან ერთად კი, ზალკაზლიანის თქმით, აშშ-ის განამრტებაში საუბარი იყო ყირიმზე და სხვა ტერიტორიებზე.

“მინდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ ევროპული უსაფრთხოების სამ ძირითად ფუნდამენტს წარმოადგენს სამი ხელშეკრულება: ვენის დოკუმენტი, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშკერულება და ღია ცის შეთანხმება. სამივე დოკუმენტი არის უაღრესად მძიმე მდგომარეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი და წევრი ქვეყნის მხრიდან ხდება საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფა”, – ამბობს ზალკალიანი.


ამერიკის შეერთებული შტატები „ღია ცის“ შეთანხმებას ტოვებს. შეთანხმება 2002 წელს მიიღეს, მისი ხელმომწერები კი, აშშ-ის გარდა, რუსეთი, კანადა, გაერთიანებული სამეფო და 35-მდე სხვა სახელმწიფოა, მათ შორის საქართველო.

რატომ ტოვებს შეთანხმებას შეერთებული შტატები?

21 მაისს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მაიკლ პომპეოს განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

„ხვალ აშშ გადასცემს „ღია ცის შეთანხმების“ დატოვების გადაწყვეტილებას შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს. ხვალინდელიდან ექვსი თვის შემდეგ აშშ აღარ იქნება მისი ნაწილი. თუმცა, შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას, თუ რუსეთი შეთანხმების სრულად დაცვას დაუბრუნდება.

ყურადღებიანი განხილვის, მათ შორის მოკავშირეებისა და უმთავრეს პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ აშშ-ის ინტერესში აღარაა, შეთანხმების ნაწილი იყოს.

როგორც ასეთი, შეთანხმება შეიქმნა, რათა ყველა ხელმომწერისთვის მიეცა უფრო მეტი გამჭვირვალობა, ურთიერთგაგება და თანამშრომლობა მიუხედავად მათი [ტერიტორიების] სიდიდისა. თუმცა რუსეთის მიერ შეთანმხების დარღვევამ მის მთავარ, ნდობაზე დაფუძნებულ ფუნქციას ძირი გამოუთხარა და რეალურად, გააძლიერა უნდობლობა და გაზარდა საფრთხეები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რითიც აშშ-ის მონაწილეობა მიუღებელი გახდა.

მაშინ როცა აშშ, ჩვენს პარტნიორებთან და შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად, შეთანხმების ვალდებულებებსა და პირობებს იცავდა, რუსეთი წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა მას სხვადასხვა სახით.

რუსეთმა უარი გვითხრა, ჩაგვეტარებინა სადაზვერვო ფრენები 10-კილომეტრიან კორიდორში მისი და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთის რეგიონების საზღვართან, შესაბამისად, სცადა განემტკიცებინა ცრუ ინფორმაციები, თითქოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან.

ნუ შეგეშლებათ: მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი სიტუაციის ასეთ განვითარებასა და შეიარაღების კონტროლის არქიტექტურის ეროზიაზე“, — წერს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

რას პასუხობს რუსეთი?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდერ გლუშკოს განცხადებით, მოსკოვს შეთანხმება არ დაურღვევია, ხოლო აშშ-ის მიერ მისი დატოვება „ძალიან სამწუხარო“ იქნება.

„უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, გამართლდეს გამოსვლა ამ ფუნდამენტური შეთანხმებიდან“, — განუცხადა მან სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტის“.

ღია ცის ხელშეკრულება და რუსული ინტერპრეტაციები

მასალების გადაბეჭდვის წესი