ახალი ამბები

ბოლნისის რაიონის 2 სოფელში პრაქტიკულად იტალია ხდება – იმნაძე

22 მაისი, 2020 • 1273
ბოლნისის რაიონის 2 სოფელში პრაქტიკულად იტალია ხდება – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია პროპორციულად უტოლდება იტალიის მდგომარეობას. ამის შესახებ იმნაძემ გუშინ, მთავრობის წარმომადგენლებთან და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ბოლნისის რაიონში არის ორი სოფელი, სადაც სიტუაცია არის ძალიან მძიმე. ვიტყოდი, რომ პრაქტიკულად თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ იტალია ხდება დაახლოებით. მსჯელობა იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს აქ სიტუაციის კონტროლი, მით უმეტეს, საგანგებო სიტუაციის გაუქმების შემდეგ, მერე რა გზებით, რა საშუალებებით მოხერხდეს კონტროლი ამ ორ სოფელში”, – განმარტა იმნაძემ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გუშინ, 21 მაისს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილეს ის სამედიცინო ღონისძიებები, რომლებსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ორ სოფელში ახორციელებენ. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ორივე სოფელში მიმდინარეობს აქტიური თერმოსკინინგი და ტესტირება.

მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან სოფლებში დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულების კონტროლზე. ასევე შეხვედრაზე ითქვა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მკაცრი საკარანტინო რეჟიმით ჩაკეტილი სოფლების მიმართ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი