ახალი ამბები

ვგმობთ ე.წ. ბორდერიზაციასა და რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებს – საგარეო

22 მაისი, 2020 • 949
ვგმობთ ე.წ. ბორდერიზაციასა და რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებს – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ სოფელ მერეთში, გორის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის დაწყებასა და ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის გახშირებული პროვოკაციებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ Covid-19-ის პირობებშიც კი რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და ე.წ. ცეცხლსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით.

“მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდასა და ჭვრინისის, ატოცის; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფახულანისა და მუჟავას, აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე”, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყებისვე ცნობითვე, რუსეთი ასევე განაგრძობს პროპაგანდას ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ და ავრცელებს ცნობებს, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელა.

“რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები საქართველოს წინააღმდეგ და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ლაბორატორიას – რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის ერთი შეხედვით აბსურდული და კომიკური ბრალდებები, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ხელოვნურად გაავრცელა კორონავირუსი და რეგიონის მაცხოვრებლებისგან აიღო ბიოლოგიური მასალები, რეალურად ემსახურება საქართველოს მთავრობის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის შერყევისა და ადგილზე მართული ქაოსის შექმნის ამოცანას. ხაზს ვუსვამთ, რომ დეზინფორმაციის მსგავსი კამპანია რუსეთის მხრიდან წარმოადგენს ღია თავდასხმას საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამის საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  ზემოხსენებული მიმართულებით რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები წარმოადგენს მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედებით.

სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის გახშირებული თავდასხმების  შესაჩერებლად”,-აცხადებენ ქვეყნის საგარეო უწყებაში.


20 მაისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სააგენტო „რესმა“ და რუსეთის სახელმწიფო მედიამ „სპუტნიკმა“  დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, “ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლები ცდილობდნენ”, დე ფაქტო საზღვართან, “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა დახმარებით, „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ბიოლოგიური მასალა აეღოთ”.

21 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა სადამკვირვებლო მისიაც — გავრცელებული განცხადების თანახმად, „არაზუსტად და მცდარად აისახა 26 აპრილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქმედება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ“.

მისია აგრეთვე კატეგორიულად უარყოფს „ცრუ იფორმაციას, რომელიც მისიის წინააღმდეგ მიმართული უპასუხისმგებლო დეზინფორმაციის მორიგ მაგალითს წარმოადგენს“.

თბილისიდან ბიოლოგიური საფრთხის შესახებ ცხინვალის განცხადებას EUMM ეხმაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი