ახალი ამბები

ვაქცინებზე ზღაპრები ვრცელდება, მაგალითად, ჩიპის ჩანერგვა – ცერცვაძე

21 მაისი, 2020 • 2069
ვაქცინებზე ზღაპრები ვრცელდება, მაგალითად, ჩიპის ჩანერგვა – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინა, შესაძლოა, ოქტომბერში უკვე არსებობდეს, თუმცა ვაქცინაციის შესახებ არასწორი ინფორმაციები და მითები ვრცელდება.

ცერცვაძე „იმედის“ ეთერში ამბობს, რომ ზოგადად, იმისთვის, რომ ვაქცინა ფართო გამოყენებაში გაეშვას, მისი შექმნიდან, სულ მცირე, 1 წელია საჭირო. თუმცა, როდესაც საფრთხე ისეთი დიდია, როგორიც კორონავირუსის დროს, ეს პერიოდი შესაძლოა შემცირდეს.

„ასეთ შემთხვევაში მიდის ვაქცინის დაჩქარებული გამოცდა – ზოგიერთ ეტაპებს ტოვებენ ან ამოკლებენ: მიდიან გარკვეულ რისკზე, რომ შესაძლოა, ყველა კომპონენტი არ იქნეს ძალიან ზედმიწევნით შესრულებული და იყოს გარკვეული რისკი, რომ გარკვეული გვერდითი მოვლენები გაიპარება, ოღონდ არა მნიშვნელოვანი. თუ ასე წავიდა, შეიძლება ვაქცინა ოქტომბერში გვქონდეს“, – ამბობს ცერცვაძე.

ის განმარტავს, რომ ვაქცინაციის ირგვლივ ხშირად ვრცელდება მითები, გამონაკლისი კი არც კორონავირუსი იქნება.

„ისეთი ზღაპრები ვრცელდება ვაქცინაზე, როგორიცაა ჩიპის ჩადება ვაქცინასთან ერთად. ვინმეს თუ ჩიპის ჩანერგვა უნდა, რამენაირად, ვაქცინის გარეშე ჩანერგავენ. ეს არის ნონსენსი, რომ ჩიპი ვაქცინის საშუალებით ჩანერგონ“, – ამატებს ის.

თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ვაქცინის ჩამოტანის შემდეგ იქნება ჯგუფი, ვინც ამ მითებს დაუჯერებს, იქნება ასევე მეორე ჯგუფიც, რომელიც ჩათვლის, რომ ვაქცინა შესაძლოა სასარგებლო არ იყოს გვერდითი მოვლენების რისკის გამო.

„ვაქცინა რაღაც ცვლილებებს იწვევს, რომელიც შეიძლება კორონავირუსისგან დასაცავად კარგი იყო, მაგრამ ყველაფერში კარგი შეიძლება არ იყოს. მაგრამ მე მგონია, რომ თუ კორონავირუსის ვაქცინა შეიქმნა, ამ შემთხვევაში ეს პოლარიზაცია იქნება, მაგრამ დიდი უმეტესობა აირჩევს ვაქცინაციას იმიტომ, რომ განსხვავებით გრიპისგან, რომელიც პრინციპში არ გვაწუხებს.

სეზონური გრიპის დროს სიკვდილიანობა 0.1%-ია, დავაადებები იქაც მოქმედებს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ამიტომ არის, რომ გრიპის ვაქცინაციას ვიღაც იკეთებს, ვიღაც კი არა. წითელასაც ვიღაც იკეთებს, ვიღაც კი ფეხს ითრევს იმიტომ, რომ წითელა მართალია ფართოდ არის გავრცელებული და მასაც ახლავს სივკდილიანობა, მაგრამ არა ასეთი – 1 000-დან 1 ადამიანი კვდება წითელათი. კორონავირუსის დროს კი საფრანგეთში ყოველი 1 000-დან 19.5 გარდაიცვალა, წარმოიდგინეთ, რამხელა რისკია, ინგლისში 14 გარდაიცვალა, შვედეთში 13 გარდაიცვალა“, – ამატებს ცერცვაძე.

რაც შეეხება დროს, როდესაც ვაქცინა საქართველომდე მოვა, ცერცვაძე ყვება, რომ  „ჩვენამდე გვიან მოაღწევს იმიტომ, რომ თავიდან წარმოება იქნება ლიმიტირებული და დიდი ალბათობით, პირველ რიგში, იქნება იმ ქვეყანაში, სადაც მას გააკეთებენ და იმ ქვეყნებში, სადაც კატასტროფაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი