ახალი ამბები

ჩემი აზრით, მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებს გამარჯვებას – მელია

21 მაისი, 2020 • 1314
ჩემი აზრით, მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებს გამარჯვებას – მელია

“ევროპული საქართველოს” წევრ გიგი უგულავას ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდება, თუმცა ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ მერაბიშვილს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.

მელიას თქმით, მისი პირადი მოსაზრებაა, რომ ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში კენჭიყრის შემთხვევაში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

“რასაც ვაკვირდები, ბოლო პერიოდია ბევრნი, ვინც ფეხქვეშ დაახლოებით ფიანდაზად ეფინებოდნენ ხელისუფლებაში მყოფ ვანო მერაბიშვილს და ერთმანეთს ეცილებოდნენ მის ქება-დიდებაში, დღეს რაღაცნაირად თითქოს ერთმანეთს ეცილებიან იგივე მერაბიშვილის გაკიცხვაში ან ირიბ კრიტიკაში. მერაბიშვილს არც ვიცნობდი, დაპატიმრებამდე ერთხელ მყავდა ნანახი და მხოლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გავიცანი. მის გაცნობამდე კი არაერთხელ ჩავსულვარ სამცხე-ჯავახეთში და კარგად ვიცი ხალხის, ამ რეგიონის ამომრჩევლის დამოკიდებულება ვანო მერაბიშვილისადმი”, – წერს მელია.

მისი თქმით, სწორედ ეს ამომრჩეველი წყვეტს და გასცემს უფლებას, ვინ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და ვინ – არა.

“ვანო მერაბიშვილმა თითქმის იმდენივე წელი გაატარა სამარტოვე საკანში, რამდენიც ხელისუფლებაში. ბევრს მასზე შეხედულება შეეცვალა, ბევრისთვის მისაღებია, ბევრისთვის- კვლავაც მიუღებელი. სწორედ ამისთვისაა არჩევნები და თუ ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს, რომ კენჭი იყაროს სამცხე-ჯავახეთში, რეგიონში, რომელიც დღეს კლასიკური მაფიოზის ენძელ მკოიანის ხელშია და იარაღით ხელში დარბის აღმართ-დაღმართ, არა მგონია, მისმა ამ გადაწყვეტილებამ ან ქვეყანა დააზიანოს, ან ოპოზიცია. ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას. ამ ეტაპზე გადამწყვეტია, რას გადაწყვეტს თავად, რას გადაწყვეტს პარტია და შემდეგ უკვე რას გადაწყვეტს ხალხი”, – აცხადებს მელია.

ვანო მერაბიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” იქნება – უგულავა

მასალების გადაბეჭდვის წესი