ახალი ამბები

GDI პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების პროექტს

20 მაისი, 2020 • 1344
GDI პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების პროექტს

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ხელისუფლების საკანონმდებლო ინციიატივას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება ითხოვს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე, პარლამენტის გვერდის ავლით შეძლოს თითქმის იგივე შეზღუდვების დაწესება.

საქმე ეხება “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული პროექტი შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს. ამის შესახებ განცხადება “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” დღეს, 20 მაისს გაავრცელა.

ორგანიზაციის ცნობით, ინიციატივა შეუსაბამოა კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან და ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს. GDI მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნას, კერძოდ, კი იმას, რომ უფლებების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე.

განცხადების მიხედვით, წარმოდგენილი კანონპროექტით, ერთის მხრივ, გაფართოებულია საკარანტინო ღონისძიებების ცნება, მეორეს მხრივ კი ამ ღონისძიებების კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრა სრულად მინდობილია აღმასრულებელ ხელისუფლებას.

“საქართველოს კონსტიტუცია ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ადგენს ფორმალურ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით. მართალია, ზოგადად გარკვეული საკითხების მოწესრიგებისათვის უფლებამოსილებების დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დასაშვებია, თუმცა „კანონით გათვალისწინება“ არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს უფლების შეზღუდვის აბსოლუტური დელეგირება მთავრობაზე. აღნიშნული მიდგომა დაარღვევდა იმ მნიშვნელოვან საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს, რომელიც გულისხმობს სწორედ იმას, რომ უფლებების შეზღუდვის ფარგლები, მასშტაბები და შინაარსი სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა განსაზღვროს. ხოლო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კი მხოლოდდამხოლოდ დააკონკრეტოს ის თუ რა გზებით და როგორ მოახდენს მის აღსრულებას

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მხოლოდ საქართველოს პარლამენტია აღჭურვილი კონსტიტუციური მანდატით, მიიღოს გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენს კონსტიტუციურ უფლებებზე.“

ამდენად, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის მთლიანად მთავრობაზე დელეგირება, ისე რომ თავად კანონი არ განსაზღვრავს უფლების შეზღუდვის წინაპირობებსა თუ მასშტაბს, ეწინააღმდეგება კონტიტუციურ მოთხოვნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს”, – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს, რადგან კონსტიტუციური მოთხოვნა, რომ შეზღუდვა იყოს გათვალისწინებული კანონით, ნიშნავს არა მხოლოდ კანონში ფორმალურად ჩანაწერს, არამედ იმასაც, რომ ის იყოს საკმარისად გასაგები და განჭვრეტადი, რათა ინდივიდებს ჰქონდეთ საკმარისი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ფორმით მოხდება კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების მათ წინააღმდეგ გამოყენება. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული კანონპროექტი ამ მიმართულებითაც პრობლემურია, რადგან არ არის მკვეთრად განსაზღვრული, თუ რა შემთხვევაში ჩათვლის შესაბამისი სახელმწიფო უწყება პირს “შესაძლო ინფიცირებულად”, ან რა ჩაითვლება “ფიზიკურ პირთა მიერ სოციალური ღონისძიბების ჩატარების მიზნით თავშეყრად”.

ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, კანონპროექტი ზრდის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შეზღუდვების თვითნებურად და არაპროპორციულად გამოყენების რისკებს:

“გამომდინარე იქიდან, რომ თავად კანონი არ განსაზღვრავს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ფარგლებს, შეუძლებელია სრულფასოვანი შეფასება იმის, თუ რამდენად დააკმაყოფილებს იგი კონსტიტუციის მატერიალურ მოთხოვნას- დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი. მართალია, კანონპროექტში აღნიშნულია კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი- საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა მოხდეს აუცილებელი და პროპორციული ზომების გამოყენებით. იმ პირობებში, როდესაც კანონი არ ადგენს კონკრეტულ წინაპირობებსა და უფლების შეზღუდვის ფარგლებს, აღნიშნული მოთხოვნების და არააუცილებელი/არაპროპორციული საშუალებების გამოყენების რისკები მთავრობის მხრიდან საკმაოდ მაღალია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სულ რაღაც რამოდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმადაც განისაზღვრა საკმაოდ მკაცრი ადამინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის”, – წერია განცხადებაში.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” განმარტებით, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სხდომების საჯაროობა:

“კანონპროექტით ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ 185-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომელიც დასაშვებს ხდის პანდემიის დროს პროცესის დისტანციურად გამართვას. ამგვარი შესაძლებლობის შემოტანა თავისთავად დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სხდომების საჯაროობა (იმ საგამონაკლისო წესების გათვალისწინებით, რაც ზოგადად არსებობის სხდომის დახურვასთან დაკავშირებით), რასთან დაკავშირებითაც საგანგებო მდგომარეობის დროს უკვე არსებობდა პრობლემა”, – განმარტებულია განცხადებაში.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ კანონპროექტს და დაიწყონ მუშაობა კონსტიტუციასთან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე. ამასთან, ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესებში.

რა წერია კანონპროექტში, რომელსაც ოპოზიცია დიქტატორულს უწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი