ავტორი: სულხან სალაძე
თბილისი ოდითგანვე იყო ეთნიკურად, რელიგიურად და ენობრივად ჭრელი ქალაქი. აქ ყველას თავისი კუთვნილი ქალაქი ჰქონდა, ამავე დროს კი, ყველა ერთად იყო. თბილისის უბნები, ბაზრები, ქარვასლები, სახლები… ყველაფერი იმის ნათელი მაგალითია, რომ თბილისს, როგორც ქალაქს, აშენებდა ყველა და ქალაქიც ყველასი იყო. ამ მრავალფეროვნებას დაკვირვებული თვალი დღესაც ბევრგან შეამჩნევს. ამჯერად სწორედ ერთ ასეთ ამბავზე მინდა მოგითხროთ, რომელიც ჭრელი თბილისის თვალსაჩინო ისტორიაა.
1851 წლის 12 აპრილს, მაშინდელ თბილისში – პასკევიჩ-ერევანსკის მოედანზე, უჩვეულოდ ბევრ ხალხს მოეყარა თავი. გაჩირაღდნებულ მოედანზე განუწყვეტლივ უკრავდა მუსიკა და უამრავი ხალხი ირეოდა. მუდამ მრავალფეროვანი, საინტერესო და განსახვავებული თბილისი ევროპული კულტურის მორიგ გატაცებასთან შესახვედრად ემზადებოდა. მაშინ არავინ იცოდა, რომ ერთი უცნობი შენობის კარის გახსნასთან ერთად, თბილისის ფერადი ცხოვრების ახალი ამბავი იწყებოდა.
აქედანვე ვიტყვი, რომ 1851 წლის 12 აპრილს თბილისში, ზემოთ ხსენებულ პასკევიჩ-ერევანსკის მოედანზე, დღეს რომ თავისუფლების მოედანი ჰქვია, კავკასიაში პირველი ოპერის თეატრი გაიხსნა. შენობა კი გაიხსნა, მაგრამ იმ დღეს ოპერა არავის უნახავს. სცენა ჯერ ისევ გასამართი იყო და არც დეკორაციების საქმე იყო მიყვანილი ბოლომდე. 12 აპრილს ოპერაში ბალ-მასკარადი მოეწყო.
თბილისის პირველი ოპერის შესახებ თხრობა მეფისნაცვალ ვორონცოვის დროიდან უნდა დავიწყოთ. მეფისნაცვალმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი რაც მოიკითხა – თეატრი იყო. ვორონცოვისთვის უთქვამთ, რომ თეატრი და თეატრის შენობა, კლასიკური გაგებით, თბილისში არ არსებობდა. მერე იქვე შესთავაზეს, იქნებ, ქალაქის თავლა თეატრად გადაკეთებულიყო. ვორონცოვმა იდეა მოიწონა და 1845 წლის 20 სექტემბერს მაშინდელ ერმოლოვის ქუჩაზე, ახლა ჩვენში ჩიტაძის ქუჩის სახელით რომ არის ცნობილი, ყოფილ თავლაში პირველი ფარდა აიწია. ეს ის თეატრი იყო, რომლის ხელმძღვანელობის მიზნით შექმნილ ცხრაკაციანი დირექციის შემადგენლობაში შედიოდა ცნობილი პოეტი – ალექსანდრე ჭავაჭავაძეც.
თავლაში თეატრის გახსნის მიუხედავად, ყველამ იცოდა, რომ თეატრს რაღაც მაინც აკლდა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სად თეატრის შენობა და სად თავლა.
XIX საუკუნის ორმოციანი წლების თბილისის გული პასკევიჩ-ერევანსკის მოედნიდან მცირედი დაშორებით მდებარე უბნებს ეკუთვნოდა. თავად პასკევიჩ-ერევანსკის მოედნის გაყოლებაზე კი ძირითადად აგებული იყო სამიკიტნოები, ღამის გასათევი ბინები, ყავახანები და თავლები. ძველ ჩანაწერებს თუ დავუჯერებთ, კვირაობით მოედანზე ცხენოსანთა ასპარეზი და მოხეტიალე ჯამბაზების წარმოდგენები იმართებოდა. იქვე ახლოს გამორჩეულ შენობას წარმოადგენდა ქართველი კათოლიკის, იაკობ ზუბალაშვილის მიერ აგებული სახლი(ახლა რომ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმია).
სწორედ ამ მოედანზე გადაწყდა თბილისის პირველი ოპერის თეატრის აშენება. ხაზინიდან ფულის დაზოგვის მიზნით, ვორონცოვმა თბილისელ ვაჭრებს მშენებლობაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. სანაცვლოდ ჰპირდებოდა, რომ შენობის ერთი ნაწილს – ქარვასლას, მათ გადასცემდა. მეორე ნაწილი – თეატრი, ქალაქს დარჩებოდა. იდეა კარგი იყო, მაგრამ თბილისელი ვაჭრებისათვის ნაკლებად მიმზიდველი. ბოლოს, შენობის აშენება თბილისელმა სომეხმა, სახელგანთქმულმა ვაჭარმა – გაბრიელ თამამშევმა ითავა.
ერთნი ამბობენ, თამამშევმა შენობის ასაგებად საჭირო მიწა იმ დროისთვის ცნობილი თბილისელის – ესტატე ციციშვილისგან ორ დოშად და ორი კაცის საკაბედ იყიდაო. მეორენი თვლიან, რომ 855 საჟენი მიწის ნაკვეთი ვორონცოვმა უსასყიდლოდ გადასცა თამამშევს. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ქალაქი და თამამშევი იოლად მორიგდნენ.
მშენებლობა 1847 წლის 15 აპრილს დაიწყო და მალევე ნათელი გახდა, რომ თეატრი, რომელსაც იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი აშენებდა (მასვე ეკუთვნის „მშრალი ხიდის“ მშენებლობა), თბილისის სავიზიტო ბარათი გახდებოდა. თეატრისთვის საჭირო ფერადი ხავერდი, ოქრო-ვერცხლის სამკაული და ძვირფასი აბრეშუმი პარიზიდან გამოიწერეს. აქვე შეიძინეს 9000 ფრანკად ღირებული ვებერთელა ჭაღი და მარსელიდან გემით ყულევამდე მოიტანეს. ყულევში ჩამოტანილი და 12 დიდ ყუთში გადანაწილებული ჭაღი თბილისამდე ურმებით გადაზიდეს. პარიზიდან ჩამოვიდა ცნობილი დეკორატორი დერბეზი, ხოლო შენობის მოხატვა გრიგოლ გაგარინმა ითავა.
მშენებლობა ოთხი წლისთავზე დასრულდა. შენობის ქარვასლის ნაწილში 266 სავაჭრო განყოფილება იყო. თეატრის ნაწილში კი 700 მაყურებელზე გათვლილი შესანიშნავი დარბაზი.
თბილისის ოპერის თეატრის ამბავი საქვეყნოდ გავრცელდა. 1851 წლის ოქტომბერში ფრანგულ ილუსტრირებულ ჟურნალ -„L’ILLUSTRATION, JOURNAL UNIVERSEL”-ში, ვრცელ სტატიასთან ერთად, პირველად დაიბეჭდა ოპერის თეატრის გახსნის ამსახველი ორი გრავიურა. სტატიის ავტორი იყო თბილისში საფრანგეთის მეორე კლასის კონსული, ედმონ დე ბარერი.
მშენებლობის დასრულების შემდეგ ჯერი საოპერო დასზე მიდგა. სწორედ იმ დროს რუსეთის იმპერიაში საგასტროლოდ იმყოფებოდა იტალიური პატარა საოპერო დასი, დირიჟორ ბარბიერის ხელმძღვანელობით. ხანგრძლივი და დამღლელი მოგზაურობის შემდეგ იტალიური დასი თბილისში 1851 წლის 9 ოქტომბერს ჩამოვიდა. ჩამოსვლიდან ზუსტად ერთი თვისთავზე კი – გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურით“ პირველი საოპერო სეზონი გახსნა. სამი თვის განმავლობაში ბარბიერიმ ათზე მეტი საოპერო დადგმა განახორციელა, მათ შორის – ჯუზეპე ვერდის „ერნანი“, ვინჩენცო ბელინის „ნორმა“ და ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“.
იმ დღიდან მოყოლებული ოპერა თბილისი მთავარი ამბავი გახდა და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ 1874 წელს შენობა ხანძარმა არ იმსხვერპლა. თუმცა ხანძრამდე ოპერა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოინახულა. მათ შორის, ჰაჯი მურატმა, ლევ ტოლსტოიმ და თვით ალექსანდრე დიუმამ, რომელიც ოპერის თეატრის დარბაზის სიმშვენიერეს თავის ჩანაწერებში უსვამდა ხაზს. შვეიცარიელი ისტორიკოსი და ხელოვნებათმცოდნე, ფლორიან ჟილი კი, ვინც თბილისი ოპერაში „ნორმას“ დაესწრო, ამბობდა – ეს იტალიაა მთელი თავისი მუსიკის მომხიბვლელობითო.
1851 წლიდან 1874 წლამდე თბილისის პირველი ოპერის თეატრი ყოველ წელს ახვედრებდა თბილისში ევროპასა და აზიას. ახვედრებდა, ოღონდ თბილისურად. ოპერის თეატრის შენობა, ერთდროულად აზიური ქარვასლაც იყო და ევროპული ოპერაც. ალბათ, ამიტომაც თბილისის პირველ ოპერის თეატრს ორი სახელით იცნობდნენ – „ქარვასლის თეატრი“ და „თბილისის იტალიური ოპერა“.