ახალი ამბები

თუ ოქრუაშვილი რუსეთზე პოზიციას არ შეიცვლის, ის მიუღებელი იქნება ჩემთვის – უგულავა

19 მაისი, 2020 • 1544
თუ ოქრუაშვილი რუსეთზე პოზიციას არ შეიცვლის, ის მიუღებელი იქნება ჩემთვის – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთთან დაკავშირებულ პოზიციას არ შეიცვლის, ის პოლიტიკურად მიუღებელი დარჩება მისთვის. ამის შესახებ უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“ივანიშვილმა მიიყვანა იქამდე მდგომარეობა, რომ დიამეტრალურად განსხვავებული პარტიები და პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ ერთად. ის, რომ მე, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა ერთად აღმოვჩნდით, ეს ზუსტად მაგის შედეგია.

ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ოქრუაშვილის პოზიცია რუსეთზე მომწონს, არასდროს არ მომეწონება ეს და ის თუ ამ პოზიციას არ შეიცვლის, ჩემთვის მიუღებელი დარჩება პოლიტიკურად. ჩემთვის გეოპოლიტიკურად რუსი და მენტალურად საბჭოთა ადამიანი ხელისუფლებაში არის სახიფათო და ის ოპოზიციაში თუ საკუთარ ელექტორატს წარმოადგენს, ეს მისი საქმეა და მისი ამომრჩევლის”, – განაცხადა უგულავამ.

15 მაისს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მივიდნენ და საერთო სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, მათ შორის, მაჟორიტარული სიების წარდგენაზეც.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გიგი უგულავამ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც მაშინდელ პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს აკრიტიკებდა იმისთვის, რომ ვაშაძე ოქრუაშვილს შეხვდა.

“გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ირაკლი ოქრუაშვილთან არის პრაგმატულად უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი”, – წერდა უგულავა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

გარდა ამისა, ის განმარტავდა, რომ მისთვის მიუღებელი იყო გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი, რადგან ვაშაძე მხარდაჭერას ეძებდა და სახლშიც კი ესტუმრა ისეთ ადამიანს, რომელიც “შეეკრა რუსეთს, ცხოვრობდა ფსბ-ს “პოდმოსკოვსკი” დაჩაზე, მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს წინაღმდეგ, მათ შორის ომის თემაზე, და აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის მსგავს განცხადებებს”, – წერდა უგულავა.

“თუ ვინმე იყო ჩვენი ხელისუფლებიდან, ვინც საზოგადოების მეტწილად ლეგიტიმურ შიშებს ასაზრდოებს, ეს ერთ-ერთი ოქრუაშვილია. სად არის აქ არჩევნებისთვის აუცილებელი პრაგმატულობა ან მორალური სიმტკიცე. ან რა ფასი აქვს ოქრუაშილის მხარდაჭერის სიტყვებს, მას ჩვენება 10-ჯერ აქვს შეცვლილი. რა ფასი აქვს მის მე-11 თუ მეოცე სიტყვებს? ის ხომ მას სიტუაციის მიხედვით კიდევ მრავალგზის შეცვლის. ან ჩვენებები მაინც უარყოს, სასამართლოში ფიცის ქვეშ ზღაპრებს რომ ყვებოდა. სად, როდის ან რატომ უნდა ვენდოთ ამ პოლიტიკურ გვამს, ბოლო დრომდე ოცნების პროკურატურის სათამაშოს. ფასი გვითხარით, რატომ უნდა ავიტანოთ და მივიღოთ მორალურად და პრაგმატულად დამანგრეველი გადაწყვეტილება? ერთი სიტყვით, ირაკლი ოქრუაშვილი არ პრავდება!”, – წერდა უგულავა 2018 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი