პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ოთხი კონგრესმენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინისადმი გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნული სავარაუდო დარღვევებისა და საქართველოს მხრიდან ამერიკული კომპანიების მიმართ “მიზანმიმართული შევიწროვების” შესახებ გამოძიება არ დაიწყება და ეს მიმართვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას რისკის ქვეშ ვერ დააყენებს. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“რა ირანულ ნავთობზეა საუბარი, წარმოდგენა არ მაქვს. ვერანაირი გამოძიება ამ თემაზე ვერ დაიწყება, ერთადერთი ამ წერილიდან ფაქტი რაც არის, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტულ საარბიტრაჟო პროცესის შედეგად, კონკრეტულ არბიტრაჟში დამარცხდა [ვგულისხმობ ფრონტენრას]. საბოლოოდ ეს არის ამ ყველაფრის უკან. ახლა რაც შეეხება სხვას ყველაფერს, ერთი რამე იცოდეთ, ვერანაირი, თუნდაც საერთაშორისო ან ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორებისგან დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც არბიტრაჟში ჩვენ დავა უკვე მოვიგეთ, ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ. ვერც შიდა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა და ოპოზიციამ, ამის გამოყენება როგორც არ უნდა სცადონ. გეტყვით რატომ, იმიტომ, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკიდურესად გააღრმავა ევროატლანტიკური მიმართულებებით კოოპერირება.
დღეს ჩვენი ნატოსთან თანამშრომლობა არის ისეთ დონეზე, რომელიც არ ყოფილა არასდროს. ჩვენ დღეს ავღანეთში ვართ წარმოდგენილი ისე, როგორც არ არის წარმოდგენილი დასავლეთ ევროპული და დასავლეთის არცერთი ჩვენი ზომის ქვეყანა. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სისტემურად, აი, ამ ფუნდამენტზე ყალიბდება და არა ამ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ლობისტებზე”, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერი საუბრობს ნავთოკომპანია ფრონტერასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე დავაზე, რომელზეც ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ წარმატებით დაასრულა. ფრონტერა კი ამტკიცებს, რომ მთავრობა ცრუობს და შედეგეით ისინიც კმაყოფილები არიან. ქართული მხარე ასევე აცხადებს, რომ მზადაა, გაასაჯაროოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუმცა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ამის უფლება ამ ეტაპზე არა აქვს და უკვე მიმართეს კომპანიას შედეგების გასაჯაროვებაზე თანხმობის მისაღებად.
ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს დაუსვეს კითხვა წერილში ნახსენებ სხვა საკითხზეც, კერძოდ, ირანთან უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ 2013 წლიდან საქართველომ ირანის მიმართ სტრატეგიული პარტნიორების თხოვნითა და ინტერესების გათვალისწინებით გადადგა უკიდურესად მძიმე ნაბიჯები:
“საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად 2013 წლიდან ირანისთვის სანქციების დაწესების პირობებში ქვეყნის ეკონომიკისთვის გადადგა უკიდურესად მძიმე ნაბიჯები, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თხოვნით და ინტერესების გათვალისწინებით, და მაშინ უბრალოდ უნდა დაინტერესდეთ თქვენ და უნდა დათვალოთ, რამდენი ანგარიშები იყო გაუქმებული, რა ნაბიჯები გადადგა იუსტიციის სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა, მთავრობამ და აშ. და აი, ამ ჭორებს თავი უნდა დაანებოთ”, – უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გახარიამ.
ამერიკელი სენატორებმა, ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს. ამერიკელი კონგრესმენები დოკუმენტებში მიუთითებენ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან და ირანთან უკანონო კავშირებზე, რომლის შედეგად ქვეყანაში ზიანდება ამერიკული ბიზნესისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები.
კონგრესმენები ამერიკის ფედერალური მთავრობისგან მოითხოვენ, დაიცვას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება, რომელიც ზიანდება საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან და ირანთან უკანონო კავშირებით.
გთავაზობთ კონგრესმენების წერილის თარგმანს:
“გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ უკანონო ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. სულ უფრო და უფრო შეშფოთებული ვართ ჩვენი გეოსტრატეგიული და ბიზნესინტერესების ხარჯზე საქართველოს მიერ კავშირების დამყარებით ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილ მოწინააღმდეგეებთან და მტრებთან.
გასული წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია თითქმის 50%-ით შემცირდა მაშინ, როცა საგადასახადო და ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა დასავლური ბიზნესისთვის.
მმართველობის პრობლემებმა პირდაპირ გამოუთხარა ძირი ამერიკული კომპანიების შესაძლებლობას, იმუშაონ და გააღრმაონ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან. ტექსასში დაფუძნებული კომპანია Frontera Resources არის უდიდესი ამერიკელი ინვესტორი საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში. მათ განახორციელეს $500 მილიონის ინვესტიცია გაზისა და ნავთობის აღმოსაჩენად. ბოლო პერიოდში Frontera გახდა სულის შემხუთავი რეგულაციებისა და შეზღუდვების სამიზნე, ახლა კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაძლო გაძევება ემუქრება. 2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია – კონტი ჯგუფი – მსგავსი საშუალებებით გამოაძევეს ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმიდან, რასაც პროექტის შეჩერება მოჰყვა.
ამ დავებსა და გართულებებს მოაქვს ღრმა გეოპოლიტიკური შედეგები. “ფრონტერას” მოპოვებითი სამუშაოს მიზანი იყო საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ანაკლიის პორტის მშენებლობის მიზანი კი იყო საქართველოს დამოკიდებულების შემცირება რუსული პორტის ინფრასტრუქტურაზე.
უფრო მეტიც, მაშინ, როდესაც კანონიერი ბიზნესი გამოძევებულია, მიმდინარეობს უკანონო ვაჭრობა. ქართული ბიზნესები და ქართული ფინანსური სექტორი სანქციებზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისთვის ცნობილი იყო როგორც ირანზე დაწესებული სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება ჯერ კიდევ 2013 წლიდან, მაშინ, როცა ჩვენი ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში არსებული მცირე ზომის საბანკო ორგანიზაცია მოექცა სამი ირანელი ბიზნესმენის კონტროლქვეშ. ისინი ამ ორგანიზაციას იყენებდნენ ფულის გადასატანად და დამატებითი საქმიანობისთვის, რაც გულისხმობს ფულის გადაცვლას, კომპანიებს შავი ზღვისპირეთში და ავიაკომპანიას. საქართველოს დასავლური ორიენტაცია და მისი პორტები ამ მხრივ ირანელებისთვის იდეალურ სამიზნეს წარმოადგენს. ბოლოდროინდელი ცნობები უდავოდ მიუთითებს, რომ ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობის სამიზნე ისევ გახდა ბათუმის პორტი.
ვითხოვთ ბრიფინგს შემდეგ საკითხებზე:
- საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელსაც სათავეში უდგას პარტია “ქართული ოცნება”, ცდილობს განდევნოს კანონიერი ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც ინვესტიცია აქვთ ჩადებული ქართულ ეკონომიკასა და მომავალში;
- ნებისმიერი მსგავსი ქმედება მოტივირებულია გეოპოლიტიკური მიზნებით, მათ შორის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ხელისუფლების კავშირებით, როგორც ამის შესახებ ცნობები არსებობს.
- საქართველოს შავი ზღვის პორტებში მიმდინარე პროცესები საფრთხეს უქმნის ამერიკული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის: 1. ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული განდევნა პორტის მშენებლობიდან, რომლის მიზანიც იყო, საქართველო აღარ ყოფილიყო რუსეთზე დამოკიდებული; 2. საქართველოს მხრიდან ნაკლები ძალისხმევა, შესრულდეს ამერიკის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები, განსაკუთრებით, პორტების საქმიანობის კონტექსტში.
საქართველო არის NATO-ს სტრატეგიული მოკავშირე კავკასიაში. სამხედრო თვალსაზრისით, საქართველომ გაიღო რესურსები ჩვენი მისიის საქმიანობაში ავღანეთში. საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს კრიტკულად აუცილებელ სავაჭრო და ენერგეტიკულ მაგისტრალს კასპიის ზღვასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის. ძლიერი ამერიკულ-ქართული პარტნიორობა აუცილებელია ამერიკის ინტერესებისთვის, რომელიც საპასუხოდ მოითხოვს, რომ საქართველო დაუბრუნდეს მყარ, გამართულ მმართველობას.
არეული გეოსტრატეგიული და ბიზნესინტერესები საჭიროებენ სრულყოფილ პასუხს ფედერალური მთავრობისგან და, როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, შემოგთავაზოთ შესაბამისი რესურსები, რათა განამტკიცოთ და დაიცვათ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება”.