ახალი ამბები

უგულავა და ოქრუაშვილი პოლიტიკური კრიმინალები არიან – კობახიძე

19 მაისი, 2020 • 1221
უგულავა და ოქრუაშვილი პოლიტიკური კრიმინალები არიან – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი არა პოლიტპატიმრები, არამედ ე.წ. პოლიტკრიმინალები არიან.

კობახიძემ ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში მაშინ ისაუბრა, როცა ქვეყანაში პოლიტპატიმრობის არსებობის საკითხზე მსჯელობდა. კობახიძის მოსაზრებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„ყველაფერი არის დღესავით ნათელი, უგულავა და ოქრუაშვილი არიან პოლიტკრიმინალები – რას ნიშნავს ეს ცნება: ეს არის ადამიანი, რომელიც იპარავს 48 მლნ-ს ან შედის რუსულ სპეცსამსახურებთან კონტაქტში და თანამშრომლობს მჭიდროდ მათთან და ამის შემდეგ ის, რამდენიმე წლისთავზე მაინც ინარჩუნებს პოლიტიკოსის სტატუსს. ასეთი რამ არ ხდება არცერთ ცივილურ ქვეყანაში და ჩვენც უნდა დავამკვიდროთ ეს სტანდარტი აუცილებლად საქართველოშიც. პოლიტიკური კრიმინალები ქართულ პოლიტიკაში მომავალში აღარ უნდა იყვნენ.

ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ ხოლმე არასწორი განცხადებებით 2012 წლის ოქტომრბიდან მოყოლებული. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ და, როგორც წესი, ეს არიან ხოლმე ერთი და იგივე პოლიიტკოსები და იგივე ათეულში ტრიალებს ხოლმე ეს ყველაფერი,“ – განმარტავს კობახიძე.

რაც შეეხება გიორგი რურუას, კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა მის გათავისუფლებას, კობახიძე ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხს სასამართლო გასცემს.

„პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, ვერც ერთი პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ გახდება ვერც ერთი პატიმრის გათავისუფლება“, – ამბობს ის და ამატებს, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილს მმართველ გუნდთან შეთანხმება არ ჰქონია.

დღევანდელ ეთერში კობახიძე ასევე საუბრობს ევროპარლამენტარების კომენტარებზეც. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, დევიდ მაკალისტერმა, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ და ერთ-ერთი მათგანი – გიორგი რურუა ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულა.

„რაც შეეხება მაკალისტერსა და რამდენიმე მის კოლეგას, რომელიც გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოში არსებულ სინამდვილეს… მათ ერთ-ერთმა კოლეგამ ძალიან კარგი პასუხი გასცა, როდესაც შეახსენა, რომ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება. და მანვე ახსენა, რომ თვითონ ერვოპარლამენტარები არ უნდა იყვნენ „ფეიკნიუსების„ გამავრცელებლები და ეს არის ძალიან ადეკვატური და სწორი შეფასება.

როდესაც მაკალისტერი რურუას პოლიტპატიმრად მოიხსენიებს, აქ ყველაფერი დღესავით ნათელია, თუ რამდენად აცდენილი იმ რეალობას, რაც საქართელოშ არსებობს“, – დასძენს კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი