ახალი ამბები

ტოლერანტობის მაგალითები ისტორიიდან – სულხან სალაძის ბლოგი ნეტგაზეთზე

20 მაისი, 2020 • 7259
ტოლერანტობის მაგალითები ისტორიიდან – სულხან სალაძის ბლოგი ნეტგაზეთზე

21 მაისიდან netgazeti.ge -ზე გამოქვეყნდება 2019 წლის ლიტერატურული  პრემია „საბას“ მფლობელის, სულხან სალაძის ბლოგი, წერილები და ქვიზები, რომლის მიზანიც იქნება წარმოაჩინოს ის კულტურული, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება, რაც საქართველოში საუკუნეების მანძილზე იყო და რაც ისტორიას გრავიურების, ჩანაწერებისა თუ რუკების სახით შემორჩა.

„ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, რომელიც დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლაა, ვიწყებ ბლოგებისა და ქვიზების სერიის მომზადებას, რომელშიც თავს მოვუყრი ძველ წიგნებს, რუკებს, ნახატებს, გრავიურებს პირადი კოლექციიდან და დავწერ ბლოგებს, რომელიც წარმოაჩენს იმ მრავალფეროვან და ტოლერანტულ გარემოს, რაც ჩვენს ქვეყანაში ისტორიულად არსებობდა.

მაგალითად, პირველ თემად შევარჩიე თბილისის პირველი ოპერის თეატრის აშენების ამბავი, რომ მიწა ქართველისგან შეიძინა თბილისელმა სომეხმა ვაჭარმა, სივრცე იყო აზიურ სტილში გადაწყვეტილი, ბევრს აღარ მოვყვები, ბლოგის ინტრიგად დავტოვოთ.

შემდეგი, მაგალითად, XIX საუკუნის ბათუმზე იქნება, მოგზაურის შთაბეჭდილებები, რომელიც აღწერს ქალაქში თავმოყრილ სხვადასხვა ტიპის სალოცავებს. ერთი ბლოგი იქნება, ასევე, ახალციხის თემაზე.

ხუთივე თემას, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდება, თან მოჰყვება ქვიზები, რომელიც მკითხველს ამბების დამახსოვრებაში და გააზრებაში დაეხმარება. ყველა გამოყენებული ვიზუალი ჩემი პირადი კოლექციიდანაა, დიდი ხანია ვცდილობ შევაგროვო ეს უნიკალური მასალა და იმედია, მკითხველისთვის მარტივი ენით შევძლებ ისტორიებად გარდაქმნას.”

პირველი მასალა netgazeti.ge -ზე 21 მაისს, კულტურული მრავალფეროვნების დღეს გამოქვეყნდება.

ნინო გობრონიძე, პროექტის უფროსი ოფიცერი გვიყვება, რომ ევროპის საბჭო 2018 წლიდან ახორციელებს პროექტს „დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლა“.

„ეს გახლავთ ძალიან მასშტაბური და მრავალკომპონენტიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის შესახებ დისკუსიის მხარდაჭერასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

ჩვენ ხშირად გვესმის ფრაზა, რომ საქართველოს მრავალფეროვნება და ტოლერანტობა ოდითგანვე მოსდევს. ამავდროულად, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებისა და თანაცხოვრების ბევრი დეტალი ცნობილი არ არის. შესაბამისად, ამ მიმართულებით  პროექტი სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. მაგალითად,   გამოფენის – „აღმოაჩინე საქართველო, აღმოაჩინე მრავალფეროვნება“ ფარგლებში საზოგადოებას გავაცანით  ფოტოსერიები საქართველოში ევროპელი მოგზაურებისა და მკვლევარების ჩანაწერების შესახებ. რადგან გამოფენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამჯერად გადავწყვიტეთ მკითხველს შევთავაზოთ ბლოგების ციკლი სულხან სალაძესთან ერთად, რომელიც წარმოაჩენს XVI-XX საუკუნეების საქართველოს ტოლერანტობას, კულტურულ და რელიგიური თანაცხოვრების მრავალფეროვნებას.

პირველ რიგში, ვიფიქრეთ, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა საქართველოს  უცნობი თუ ნაცნობი ისტორიული დეტალების აღმოჩენა და სხვა თვალით დანახვა. გვინდა, უკეთ გავიცნოთ და გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება, რათა ყველანი დავრწმუნდეთ, რომ ეს მხოლოდ სიმდიდრეა. ასევე, იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული მასალებით კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს ტოლერანტობისა და თანასწორობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. “

მასალების გადაბეჭდვის წესი