ახალი ამბები

თელავის მერიას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა დაევალა

19 მაისი, 2020 • 897
თელავის მერიას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა დაევალა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) ინფორმაციით, სასამართლომ თელავის მერიას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა დაავალა.

საიას ცნობითვე, სასამართლოს სამივე ინსტანციამ მიიჩნია, რომ ამ ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. შესაბამისად, მერიამ თანამშრომლი ტოლფას თანამდებობაზე უნდა აღადგინოს. ამას გარდა, 2018 წლის 30 იანვრიდან იძულებითი განაცდური ხელფასი უნდა აუნაზღაუროს სამსახურში აღდგენის დღემდე.

“სამსახურიდან გათავისუფლებული პირი ასაჩივრებდა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოხდა მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა (ფაქტობრივად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა). იგი აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება უკანონოდ განხორციელდა, რადგან ის პოზიცია, რომელსაც ადმინისტრაციულ ორგანოში მანამდე იკავებდა, არ იყო გაუქმებული და იგივე ფუნქციური დანიშნულებით კვლავაც არსებობდა.

მოსარჩელე მხარის არგუმენტები სასამართლომ გაიზიარა და განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს და მისი გათავისუფლება უკანონო იყო. სასამართლოს განმარტებით, მობილობა შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხევაში, თუ კუმულაციურად არსებობს შემდეგი პირობები: 1. სახეზეა დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა; 2. რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან სდევს შტატების შემცირება; 3. არსებობს შესაბამისი მოხელის თანხმობა”,-აცხადებენ საია-ში.

საიას ცნობითვე, რომელიც სასამართლოში გათავისუფლებულის ინტერესებს იცავდა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია, თელავის მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქ თელავის გაერთიანების (შერწყმის) შედეგად ჩამოყალიბდა თელავის მუნიციპალიტეტი და ჩატარებულ რეორგანიზაციას მოჰყვა შტატების შემცირება, თუმცა შტატი, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა, არ იყო გაუქმებული  და არც მისი ფუნქციური დანიშნულება იყო შეცვლილი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ საშტატო ერთეულზე დაინიშნა სხვა პირი, ხოლო სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელე დაექვემდებარა მობილობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი