ახალი ამბები

ბრაზილიამ კორონავირუსის შემთხვევებით იტალიას გაასწრო

18 მაისი, 2020 •
ბრაზილიამ კორონავირუსის შემთხვევებით იტალიას გაასწრო

ბრაზილიამ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით იტალიასა და ესპანეთს გადაასწრო და ამჟამად  ამ მაჩვენებლით მსოფლიოში  მეოთხე ადგილზეა — აშშ-ის, რუსეთისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, წერს „გარდიანი“. ასეთივეა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკა.

ამგვარად, ბრაზილიაში კორონავირუსის 241 080 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გარდაიცვალა 16 122 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 94 122.

ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ბრაზილიის შტატების ხელისუფლებებმა საკარანტინე ზომები დააწესეს, რითიც უკმაყოფილოა ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო.

„უმუშევრობა, შიმშილი და უბედურუბა იქნება მათი მომავალი, ვინც ტოტალური იზოლაციის ტირანიას უჭერს მხარს“, — დაწერა ბოლსონარომ „ტვიტერზე“.

გარდა ამისა, ბოლსონარომ პრეზიდენტის სასახლესთან ჩაატარა მცირე მიტინგი თავის მხარდამჭერებთან ერთად, სადაც სოციალური დისტანცირების წესები დაარღვია.

ამასთან ერთად, ბოლო ერთ თვეში, „გარდიანის“ ცნობით, ბრაზილიამ ორი ჯანდაცვის მინისტრი გამოიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი