ახალი ამბები

მოტყუება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, შევიწროება – იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემები EMC-ის კვლევაში

18 მაისი, 2020 • 1891
მოტყუება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, შევიწროება – იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემები EMC-ის კვლევაში

“საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი სასესხო ხელშეკრულებების რაოდენობა, ასევე საჯარო რეესტრში იპოთეკით დატვირთული ქონების რაოდენობა თუ აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკა იძულებითი აუქციონის წესით რეალიზებული ქონების შესახებ შემაშფოთებელი პროგნოზირების საფუძველს ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ მომდევნო წლებში საკუთარ ბინაში მცხოვრებთა პროცენტული წილი მკვეთრად შემცირდება”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის კვლევაში, რომელიც იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემებსა და ე.წ. მევახშეობის პრაქტიკის მასშტაბებს ეხება.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” კვლევა, სათაურით – “მოსახლეობა მევახშეობის პირისპირ” – 18 მაისს გამოქვეყნდა. ის მოიცავს გარემოებებს, რომლებითაც კრედიტორები მსესხებელთა საჭიროებებით სარგებლობენ, ასევე, თვალთმაქცური გარიგებების შემთხვევებსა და პრობლემური სესხების შედეგებს მოქალაქეებისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სტატისტიკის მიხედვით, 2015-2019 წლებში, ყოველ წელს, საშუალოდ დარეგისტრირებულია საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი 130 000 სესხის ხელშეკრულება.

კვლევაში მოყვანილი მონაცემების თანახმად, რომელიც 2014 წლის აღწერას ეყრდნობა, საქართველოში 1 083 762 საცხოვრებელი ფართი რეგისტრირდება, მოსახლეობის 92% კი საკუთარ ბინაში ცხოვრობს. თუმცა ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში 287 ათასი იპოთეკით დატვირთული ქონებაა რეგისტრირებული.

“რთულია ვივარაუდოთ, საცხოვრისის სრული რაოდენობიდან რა პროცენტია დატვირთული იპოთეკით, რადგან ამ მონაცემში იპოთეკით დატვირთული კომერციული ფართიც იგულისხმება.

…მაგრამ მიუხედავად სტატისტიკური მაჩვენებლების ბუნდოვანებისა, დღესდღეობით აშკარად იკვეთება, რომ სასესხო ვალდებულებათა მზარდმა მაჩვენებელმა შესაძლოა, ქვეყანაში ბინათმესაკუთრეობის მაჩვენებელი მკვეთრად გააუარესოს”, – წერენ კვლევის ავტორები.

კვლევაში აღნიშნულია, რომ “მევახშეობის” პრაქტიკა, ევროკავშირის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, არასდროს შეზღუდულა საქართველოს უახლეს ისტორიაში. პერიოდული დარეგულირების საგანი იყო მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა სესხის ხელშეკრულებებში. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საკრედიტო საგარანტიო მექანიზმები მსესხებლისათვის, პრაქტიკულად, არ არსებობს, რის გამოც მთელი უპირატესობა კრედიტორის მხარესაა:

“…ეს კი იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი ქონების დაკარგვისგან არც ე.წ. „კარგი გადამხდელები“ არიან დაცულები, ანუ ის ადამიანები, ვისაც სესხის აღების პერიოდში მაღალი და სტაბილური შემოსავალი უფიქსირდებოდათ.

მაგალითად, რესპონდენტები იხსენებდნენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირებს ოჯახის წევრის გარდაცვალების თუ ნათესავის კომატოზურ პერიოდში ყოფნის დღეებში მოუწიათ განეცხადებინათ, რომ მათი ოჯახი ვალის გადახდას წყვეტდა და „ხელს აწერდნენ“ უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციას”,- აღნიშნულია კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენს კვლევის ძირითად მიგნებებს, რომლებიც კვლევის მთავარ განსახილველ საკითხებს ეხმიანება.

ავტორთა თქმით, დაკრედიტების მზარდ სტატისტიკაში ჩანს კრედიტორთა უმთავრესი ინტერესი, რაც იპოთეკით დატვირთული ქონების დაუფლებას გულისხმობს. როგორც ისინი წერენ, კრედიტორები “ბოროტად სარგებლობენ” მსესხებლის უყურადღებობითა თუ გამოუცდელობით, რაც სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ აღმოფხვრა. ამასთან, კვლევის თანახმად, აღნიშნულ საქმეში ჩართული პირები თავის სასარგებლოდ იყენებენ პოლიტიკურ ცვლილებებს, ფორსმაჟორულ სიტუაციებსა და სხვა.

EMC ასევე საუბრობს თვალთმაქცური პირობების არსებობაზე სესხის ხელშეკრულებაში და ამ პრაქტიკის ხელშეწმყობ ფაქტორებზე. ამ ნაწილში ორგანიზაცია აღნიშნავს კრედიტორის უფლებამოსილებას, რომელიც მან 2012 წლის შემდეგ მოიპოვა. კერძოდ, მას შეუძლია, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სასამართლო რგოლის მონაწილეობის გარეშე მოითხოვოს ნასყიდობისა თუ იპოთეკის ხელშეკრულების აღსრულება.

2018 წლამდე, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზება ვალის ოდენობას ვერ ფარავდა, კრედიტორს ასევე შეეძლო, მოეთხოვა ის უძრავი ქონებაც, რომელიც იპოთეკით არ ყოფილა დატვირთული.

“დღეს ეს შეცვლილია, მაგრამ კვლავ პრობლემად რჩება ზეწოლა და შევიწროება ბანკებში არსებული „პრობლემური აქტივების მართვის“ ბიუროებისა და კერძო აღმასრულებელთა მხრიდან, რომლებიც მსესხებლებისგან სრულად მოითხოვენ მათ ხელთ არსებული კაპიტალის რეალიზებას. აღმასრულებელები პრობლემური სესხის გამო ადამიანებს გამუდმებით ავიწროებენ და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ’, – წერს EMC.

ორგანიზაციის თანახმად, კვლევისას გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როცა “მევახშეებს” სახლის ბინადარი მოტყუებით გამოჰყავთ ფართიდან და ბინა იმ დროს ილუქება, როდესაც ბინადარი პირები იქ არ იმყოფებიან.

“ზოგ შემთხვევაში, ბინაში მცხოვრებმა ადამიანებმა არც იციან იმის შესახებ, რომ მათი ბინა უკვე გაყიდულია, რამდენადაც ქონების რეალიზება ონლაინ აუქციონების საშუალებით სწრაფად მოხდა. სახლის ბინადართა მიერ დალუქული ბინის კარის გახსნა სისხლის სამართლის დანაშაულია და კერძო საკუთრების ხელყოფის მუხლით კვალიფიცირდება”, – წერია კვლევაში.

ორგანიზაციის თანახმად, ყოველი რეალიზებული ქონების საბაზრო ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე ის ფასი, რა ფასადად აუქციონზე სახლები იყიდება. ავტორთა თქმით, ქონების გაყიდვის ხშირ შემთხვევაში სახლებს თავად კრედიტორები ყიდულობენ.

აღნიშნული პროცესების შედეგებზე საუბრისას კვლევის ავტორები გამოყოფენ გაუარესებულ საცხოვრებელ პირობებს, გაუარესებულ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, სუიციდს, ემიგრაციას, ოჯახების დისინტეგრაციასა და კონფლიქტს.

სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების სოციალურ შედეგთა შორისაა გაუარესებული საცხოვრებელი პირობები, გაუარესებული ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, სუიციდი, ემიგრაცია, ოჯახების დისინტეგრაცია და კონფლიქტები.

“საბაზრო ძალაუფლების გადამეტების მსხვერპლები ხშირად ხდებიან ქალები, რომლებსაც ოჯახის წევრებს შორის ყველაზე ნაკლები ეკონომიკური აგენტობა და ცნობიერება აქვთ, ან მარტოხელა ქალები, რომელთა ოჯახშიც მამაკაცმა მძიმე საკრედიტო ისტორია დატოვა”, – წერს EMC.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში 2020 წლის თებერვალში სესხის ხელშეკრულებით დაზარალებულებთან 10 პირისპირ ინტერვიუ ჩაიწერა. კვლევის ავტორები ასევე შეხვდნენ იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელსა და პროცესში მონაწილე ადვოკატებს.

კვლევას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი