საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჩხერეში პოლიციელზე თავდასხმაში და თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 მაისს ბ.გ-მ  ურთიერთშელაპარაკებისას, მის თანამშრომელს  ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის  ადგილიდან მიიმალა.

შსს-ში ამბობენ, რომ დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი  სამედიცინო დახმარება გაეწია. ხ.ც.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ამასტან, იმავე დღეს საგამოძიებო ღონისძიების მიმდინარეობისას, ბ.გ.-მ საჩხერის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში, სიტყვიერი და ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენა საჩხერის პოლიციის თანამშრომელს.

გამოძიება ბ.გ.-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით – 353-ე  პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.