ნეტგაზეთი | ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით – კრამონი შეწყალებაზე ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით – კრამონი შეწყალებაზე – Netgazeti

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით – კრამონი შეწყალებაზე

ევროპარლამენტისა და DEG-ის (დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფი) წამყვანი წევრი ვიოლა ფონ კრამონი დადებითად აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 15 მაისის გადაწყვეტილებას გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტვ “პირველის” ეთერში, თამარ ჩიხლაძის “ღამის ამბებში” ისაუბრა.

“მე ძალიან გახარებული ვარ, შემსუბუქებული ვარ, თითქოს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯი სწორი მიმართულებით. 8 მარტის შემდეგ ჩვენ გქვონდა მოლოდინი, თუ რა სახით და როგორ შესრულდებოდა ეს შეთანხმება. აქედან გამომდინარე, გასულ კვირებში ყველა ვფიქრობდით იმაზე, რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ.

მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მე ამას ხაზი გავუსვი ჩემს განცხადებაში, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ძალიან ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა გარკვეულ ხარვეზებს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში, რომ “არ გვჭირდებოდა პოლიტპატიმრები, ჩვენ გვჭირდებოდა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აღნიშნა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე:

“ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ზეგავლენა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც არ არის რომელიმე არჩეულ ან დანიშნულ თანამდებობაზე, მაგრამ ის განკარგავს ქვეყნის ბედს. საქართველო არის პოლიტიკურად ძალიან პოლარიზებული და ეს არ არის ძალიან ხელსაყრელი. მე ვისურვებდი მეტ დემოკრატიულ, გამჭვირვალე პარტიულ სტრუქტურებს, რომლებსაც აქვს გადანაწილებული ძალაუფლება სხვადასხვა მხარეზე”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, მისთვის რთულია პირდაპირ იმის დამტკიცება, თუ რა როლი ითამაშა ივანიშვილმა 8 მარტის შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში, თუმცა მინიშნება გააკეთა ბიძინა ივანიშვილის მიერ გიგი უგულავას მიმართ გახმიანებულ ბრალდებაზე და შემდეგ მის დაპატიმრებაზე.

“ეს არ იყო მაინცდამაინც წარმატებული ნაბიჯი. როდესაც ხარ პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკაზე გაქვს ზეგავლენა, დაუშვებელია მართლმსაჯულებაზე ზეგავლენა, სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს თავისუფალი და ეს უნდა იყოს ჩვენი უზენაესი მიზანი”, – თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.

გერმანელი ევროპარლამენტარი: გატეხილი დაპირება „ოცნებას“ საბოლოოდ აქცევს არასაიმედო პარტნიორად

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.