ახალი ამბები

რევანშისტულ განცხადებებს არ ვაპირებ – ოქრუაშვილი

15 მაისი, 2020 • 806
რევანშისტულ განცხადებებს არ ვაპირებ – ოქრუაშვილი

“ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით გაუშვებდა ციხეში და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ?”, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში წვლილი შეიტანა, განსაკუთრებით -კუბილიუსს, რიშს, აშშ-ისა და ევროკაშირის ელჩებს და ოპოზიციას.

“ძალიან მნიშვნელოვანია, შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო პროცესის ცვლილების შესახებ. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება არჩევნების შესახებ. ეს არის შეთანხმება საქართველოში მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილების  შესახებ და ყველამ კარგად გაითავისოს ეს, განსაკუთრებით ხელისუფლებამ”, – განაცხადა ოქრუაშილმა.

მისი თქმით, გათავისუფლებამდე 1 კვირით ადრე მასთან სოციალური მუშაკი მივიდა და ჰკითხა, თუ გათავისუფლდებოდა, რას აპირებდა. ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაკავებაც და გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

“ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე. აქედან საჭიროა ერთობლივი მშვიდი გზავნილები დასავლეთში, რომ ქვეყანა დამშვიდდა და არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის. ამიტომ მე აღარ ვაპირებ არც ნიშნის მოგებით განცხადებების კეთებას, არც რევანშისტულ განცხადებებს, სიმშვიდეა საჭირო”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი