ახალი ამბები

გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა

15 მაისი, 2020 • 1272
გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა

გიგი უგულავამ საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მასთან ერთად ციხიდან გამოვიდა ირაკლი ოქრუაშვილიც. გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 15 მაისს შეიწყალა. უგულავას თქმით, საკუთარი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის საშუალებით შეიტყო.

“მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე და არც ოქრუაშვილი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ამ შეწყალების აქტზე. ამიტომ, ბუნებრივია, მას ადამიანურად მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა… იმედი მინდა გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა მალე დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში, მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში.

პირობა ეგრეა, როცა კაცი სიტყვას დებ, ბოლომდე უნდა შეასრულო. არ არსებობს სანახევროდ შესრულებული სიტყვა. ამიტომ, უკვე ნავსი გატყდა და შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ეს ასე იქნება”, – განაცხადა უგულავამ.

უგულავას თქმით, მისი როგორც დაკავება, ასევე საპატიმროდან გათავისუფლება საზიანოა “ქართული ოცნებისთვის”.

დღეს, 15 მარტს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამას წინ უძღოდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან “ქართული ოცნების” მიმართ მოწოდება, რომ მმართველ გუნდს შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმება და გაეთავისუფლებინა “პოლიტპატიმრები”. თუმცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და 8 მარტის შეთანხმება გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა. მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ ქვეყნის შიგნით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ბოლო დღეების განმავლობაში მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ იმ შემთხვევაში, თუ რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი საპატიმროებს არ დატოვებდნენ, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე ისინი მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.

“ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ვინმეს ციხიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა და ამას არ აპირებდნენ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათ ხელისუფლებას ღიად მოუწოდეს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ.

პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა

მასალების გადაბეჭდვის წესი