ახალი ამბები

“დარწმუნებული ვიყავი, შეთანხმება შესრულდებოდა”, – მელია უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე

15 მაისი, 2020 • 1341
“დარწმუნებული ვიყავი, შეთანხმება შესრულდებოდა”, – მელია უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ტვ “პირველის” ეთერში თქვა, რომ დარწმუნებული იყო, ხელისუფლება შეასრულებდა 8 მარტის შეთანხმებას და გაათავისუფლებდა პოლიტიკურ პატიმრებს – გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილსა და გიორგი რურუას.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს, 15 მაისს თქვა, რომ ის იწყალებს ირაკლი ოქრუაშვილსა და გიგი უგულავას, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს უკვე გამოტანილი ჰქონდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება “მთავარი არხის” ერთ-ერთ მფლობელ გიორგი რურუას, ის წინასწარ პატიმრობაშია და მისი გათავისუფლება ამ ეტაპზე სასამართლოსა ან/და პროკურატურის პრეროგატივაა.

“ეს იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი, მაგრამ დაგვიანებული. წინ წავიწიეთ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში. ბატონი თამლიანის გათავისუფლების შემდეგ, დღეს გათავსიუფლდნენ ოქრუაშვილი და უგულავა, მე დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე ასრულდება.

ერთადერთი, მიკვირდა, როდესაც “ქართული ოცნების” ლიდერები საგანგებო ბრიფინგებს მართავდნენ და გულზე მჯიღის ცემით ირწმუნებოდნენ, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს და მათ გათავისუფლებას არ აპირებდნენ. ძალიან უცნაურია ამავე დროს, რომ როცა გაქვს ინფორმაცია, ეს პოლიტპატიმრები გარეთ გამოვიდოდნენ და ატარებდნენ ასეთ ბრიფინგებს… მე არ ვიცი, რა ხდება “ქართულ ოცნებაში”, მე მათ ნიშნს არ მოვუგებ დღეს. ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” შეიარაღდება ერთადერთი გზავნილით: ჩვენ რა ვქნათ, ეს სალომე ზურაბიშვილის დისკრეციული უფლება იყოო. ჩემი აზრით ამას იტყვიან, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა”, – თქვა ნიკა მელიამ ტვ “პირველის” ეთერში.

მისივე თქმით, დარჩა რურუას გათავისუფლება, რაც ასევე გარდაუვალია.

“დარჩა გიორგი რურუა და ესეც ბოლომდე შესრულდება, როცა აშშ-ის წამყვანი პოლიტიკოსი გეუბნება, რომ გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, ამას დღეს ვერც ერთი ხელისუფლება მსოფლიოში ვერ გაატარებს მეორე ყურში. თან დასავლეთს სთხოვ, რომ ფინანსურად დამეხმარე, თან ეჩხუბები და ეუბნები, რომ როგორ გაბედე, მე პოლიტიკური პატიმარი არ მყავს… ხომ ხედავთ, ეს ილეთი არ გამოუვიდა მას, ვინც ამას ეცადა. რატომ ჩაიგდეს ამ დღეში თავი, არ ვიცი”, – აღნიშნა მელიამ.

პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა

მასალების გადაბეჭდვის წესი