ახალი ამბები

ლგბტ თემი გამწვავებული საჭიროებების პირისპირ: COVID-19-ის ეფექტი

17 მაისი, 2020 • 1574
ლგბტ თემი გამწვავებული საჭიროებების პირისპირ: COVID-19-ის ეფექტი

COVID-19-ის კრიზისმა ლგბტ თემის წევრები საქართველოში გამწვავებული საჭიროებებისა და გაფართოებული ბიუროკრატიული ქსელის წინაშე დააყენა, არაერთ მათგანს კი საარსებო წყაროსა და თავშესაფრის დაკარგვის საფრთხე შეუქმნა. თვიდან თვემდე ადამიანების ყოფა რთულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, იყო სახელმწიფოსთან კომუნიკაციისა და შესაბამისი სერვისების მიღების არაერთი მცდელობა, თუმცა, მაშინ, როცა აღნიშნული სერვისები, პრაქტიკულად, არ არსებობს, მცდელობას იშვიათად მოაქვს შედეგი.

ნინო ტრანსგენდერი ქალია და თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ტრანს თემის სხვა არაერთი წევრის მსგავსად. კრიზისამდე, ალტერნატიული წყაროს არარსებობის პირობებში, სექს სამუშაოთი ირჩენდა თავს.

“ეს იყო თვითგადარჩენის ერთადერთი გზა. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ჩვენს მოწყვლადობას კი არა, არსებობას არ აღიარებს. აქედან გამომდინარე, გვიწევდა, თვითონ გვებრძოლა გადარჩენისთვის. პანდემიის პირობებში კი, დავრჩით იმ მინიმალური შემოსავლის გარეშეც, რომელსაც სექს სამუშაოთი ვიღებდით”, – ამბობს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გასულ თვეებში სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ბინის ქირის, საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების თანხა შეაგროვეს. ეს ორჯერ მოხდა. ახლა კი, როცა მოქალაქეებმაც ამოწურეს თავიანთი რესურსი, ნინოს თქმით, ჯერი სახელმწიფოზეა, თუმცა დამაიმედებელი პასუხი არცერთი უწყებიდან მიუღიათ.

“ამ ეტაპზე ვართ მოლოდინის რეჟიმში. სექს სამუშაოში ჩართული ტრანსების უმეტესობა დიდი დილემის წინაშეა. მესამე თვის ბინის ქირა მოდის და ვრჩებით მარტონი ბინის პრობლემის წინაშე, რადგან სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი რესურსი ამოწურა, ყველას ფინანსური პრობლემები აქვს. აქედან გამომდინარე, ვეღარ შეძლებენ, დაგვეხმარონ იმაში, რომ შევინარჩუნოთ ბინები. ახლა უკვე ჯერი დგება მთავრობაზე, რომლისგანაც რეაგირება ჯერჯერობით არ ჩანს”, – აცხადებს ის.

მაისის დასაწყისში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, სოციალური ქსელით მიმართა ტრანსგენდერ ადამიანებს და მოუწოდა, პირადად მისთვის მიემართათ, თუ დახმარებას ვერ მიიღებდნენ. ნინოს თქმით, ასე მოიქცა თემის ათეულობით წევრი. კილაძემ ისინი, ძირითადად, მუნიციპალიტეტებში გადაამისამართა, თუმცა ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

თემის წევრთა ნაწილს ფაქტობრივი მისამართი არ გააჩნია, არაერთი მათგანი კი ქალაქგარეთ არის ჩაწერილი. მათ შესაბამის მუნიციპალიტეტებს მიმართეს, თუმცა, როგორც ნინო ყვება, რესურსის არარსებობის მოტივით, დახმარებაზე უარი მიიღეს:

“ასე რომ, მთავრობის მზაობა, თითქოს დაგვხმარებოდნენ და ჩვენს გვერდით მდგარიყვნენ, ესეც ერთგვარი რეკლამასავით იყო, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა”.

მისი თქმით, ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც გასულ თვეში მერიასთან თავის დაწვა სცადა, ამ ზომამდე სწორედ სახელმწიფოს გულგრილობამ მიიყვანა.

“ერთადერთი ბრალდებული, თუკი ვინმე შეიძლებოდა ამ ინციდენტში ყოფილიყო, ეს არის ზუსტად მთავრობა, რადგან მათმა გულგრილობამ მიიყვანა ადამიანი ამ ზომამდე, ასევე დაუცველობამ და ზოგადად, სიტუაცია ქვეყნის შიგნით”, – აცხადებს ის.

ნიკაც ლგბტ თემის წევრია. პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა როგორც მან, ისე დედამისმა. ამავე პერიოდში გაუმწვავდა დეპრესია, რომელიც იქამდეც აწუხებდა.

“მქონდა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა. ამ მხრივაც გამწვავდა ჩემი მდგომარეობა. დამჭირდა ანტიდეპრესანტები, რასაც არ აფინანსებს არცერთი სადაზღვეო კომპანია საქართველოში. სამსახურიც დავკარგე და მომიწია რამდენიმე საყვარელი ნივთი გამეყიდა, რათა შემეძინა ეს ანტიდეპრესანტები”, – ყვება ის.

ახლა წარსულში შეგროვილი მცირე დანაზოგითა და სახელმწიფოსგან მიღებული ერთჯერადი დახმარებით ცხოვრობს. მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური გარემოდან გამომდინარე, რომელიც თემის წევრებს არაერთ დაბრკოლებას უქმნის, სახელმწიფომ ცალკე უნდა განიხილოს როგორც მისი, ისე სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები.

“ვნახეთ რადიკალური პროტესტი ტრანსგენდერი ქალისგან. ეს ადამიანები ჩვენი თემის შიგნითაც ყველაზე მოწყვლადები არიან. რაღაც ფონდი უნდა შეიქმნას, რომლითაც ბიზნესი თუ სახელმწიფო მატერიალურად დაეხმარება ამ თემს.

ჩვენი ჯგუფის გარდა კიდევ ბევრი ადამიანია. სოციალურად დაუცველები, სიმსივნით დაავადებული ადამიანები, რომელთაც ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროებათ და ა.შ.

მგონი, ყველა თანხმდება იმაზე, რომ [თითქოს] ჰომოფობია და ტრანსფობია წარსულში დასატოვებელი თემაა და ამ კუთხით სახელმწიფოს არ სურს არანაირი ნაბიჯის გადადგმა. ჩვენი სახელმწიფო არის საპატრიარქო და მათზეა დამოკიდებული, როგორ და რას გადაწყვეტენ. წლებია, წრეზე ვტრიალებთ”.

ქეთი ხუციშვილი სოციალური მუშაკის პოზიციაზე საქმიანობს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში”. მისი თქმით, პანდემიამ უბრალოდ გაამუქა ის პრობლემები, რომლებიც იქამდეც არსებობდა. კრიზისის პირობებში გამწვავებული გამოწვევები, ხშირ შემთხვევაში, ოჯახის მხრიდან ადამიანის ჩაგვრით ან უგულებელყოფით იწყება, რაც ელემენტარული სოციალური მექანიზმების გარეშე ტოვებს მას.

ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებთანაც ორგანიზაცია მუშაობს, ძირითადად, მომსახურების სფეროში საქმიანობდნენ. სოციალური მუშაკის თანახმად, კრიზისის დაწყების შემდეგ ადამიანებმა ეს სამსახურები ისე დაკარგეს, რომ მათთვის რამდენიმე დღის ხელფასიც არავის გადაუხდია.

“როცა შენი ყოველდღიურობა ყოველდღიურ შემოსავალზეა მიბმული და უცებ რჩები ამის გარეშე, რჩები ჰაერში. მით უმეტეს, როცა ადამიანები ოჯახებისგან თავის დროზე გახდნენ ძალადობის მსხვერპლი და მოკვეთილები არიან მისგან, მხარდამჭერიც კი არავინ ჰყავთ, რომ ან ნათესავმა შეგიფაროს, ან ოჯახმა იმიტომ, რომ ისედაც მოკვეთილი ხარ იმ მიზეზთა გამო, რომლებიც შენ არ აგირჩევია და რომელთა გამოც, სამწუხაროდ, ადამიანები განიცდიან ჩაგვრას”, – აცხადებს ის.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი შემოსავლის წყაროს დაკარგვის შემდეგ უსახლკარობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რასაც გამწვავებული ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დაემატა:

“არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ ასახავს ამ ჯგუფის საჭიროებებს და ფაქტობრივად, ვერაფერში ვერ მოვათავსეთ დღეს ადამიანები გარდა იმისა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამოიყო ერთჯერადი ჰუმანიტარული დახმარება 100 ადამიანისთვის. რამე უფრო მდგრადი და ისეთი, რომ ადამიანი ერთი კვირა კი არ გადაარჩინო, 1 თვე დაეხმარო და მერე თავადაც დადგება რაღაცნაირად ფეხზე, გააგრძელებს ცხოვრებას…ასეთი რამ არ გვქონია”.

კონკრეტულად ტრანსგენდერი თემის საჭიროებებზე საუბრისას, ქეთი ხუციშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანები არაფერს ითხოვენ “ცალკე”, რაც მათ არ ეკუთვნით. არაერთი მათგანი ვერ ახერხებს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციას, რასაც ხელს უშლის კონფლიქტური გარემოს გამო საცხოვრებელი მისამართის ხშირი ცვლა, ასევე გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხი.

როგორც სოციალური მუშაკი გვიხსნის, დახმარების მიღების შანსი სხვა მხრივაც მცირეა, რადგან ტრანს ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციასთან კონტაქტობენ, არიან საშუალო ასაკის, შრომისუნარიანები და არ გააჩნიათ რაიმე დამატებითი მოწყვლადობა.

პრობლემაა მუნიციპალური თავშესაფრებით სარგელობაც:

“ჯერ ერთი, ბენეფიციარების რიცხვი არის ძალიან დიდი და მაღალია რისკი იქ, გახდნენ ძალადობის მსხვერპლი. მეორე მხრივ, მათ სჭირდებათ გარკვეული პირადი სივრცე. მე გადავიყვანე ერთი ბენეფიციარი, რომელსაც კაცები თავისთან არ აჩერებდნენ იმიტომ, რომ ეს ქალია და ქალები არ აჩერებდნენ იმიტომ, რომ ეს კაცია. ამ დემორალიზებისა და აუტანელი ყოფის ფონზე, მართლაც ქუჩაში შეიძლება გერჩივნოს ღამის გათევა”, – უყვება ხუციშვილი ნეტგაზეთს.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა”, ისევე როგორც ლგბტ ადამიანების უფლებებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებმა, მიმართეს თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს, თუმცა მცდელობები აქაც უშედეგო აღმოჩნდა. მისი განცხადებით, თემის მრავალი წევრი დარჩა ანტიკრიზისული გეგმის მიღმაც, რადგან არ ჰქონიათ ფორმალური სამსახურები და ვერ ამტკიცებენ თავიანთ შემოსავალს.

ქეთი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ დროულად დაიწყოს მუშაობა ლგბტ ადამიანების საჭიროებებზე და ამ კუთხით სათემო ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს:

“დარწმუნებული ვარ, არავის უნდა, რომ თავის ტერიტორიულ ერთეულში ადამიანი შიმშილით კვდებოდეს ან თავშესაფრის გარეშე იყოს. უბრალოდ, სპეციფიკურ საჭიროებებს იმდენად არ იცნობენ, აუცილებელია, სათემო ორგანიზაციებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით შექმნან ახალი პროგრამა, ჰუმანიტარული,სოციალური დახმარებისა.

რა თქმა უნდა, ამას ერთჯერადი სახე არ უნდა ჰქონდეს და უნდა იყოს მდგრადი. ამ კრიზისმა გვაჩვენა, როგორი მყიფეა ყველაფერი გარშემო. ერთ დღეს შეიძლება გვქონდეს რაღაც, მეორე დღეს კი არაფერი. ოდნავი დაცვის მექანიზმი მაინც უნდა გვქონდეს მოქალაქეებს. მით უმეტეს ისეთ მოქალაქეებს, რომელთაც ეს მექანიზმები ისედაც ნაკლები აქვთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი