ახალი ამბები

ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეწყალების შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტია – კალაძე

15 მაისი, 2020 • 1096
ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეწყალების შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტია – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება კონკრეტული ადამიანების ციხიდან გამოსვლას არ ითვალისწინებს. ამასთან, კალაძე ამბობს, რომ პატიმრების შეწყალების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

“ოპოზიცია ცრუობს, როდესაც ამბობს, თითქოს ამ შეთანხმების ნაწილი იყო ასევე იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომელსაც გარკვეული დანაშაულებები აქვთ ჩადენილი. ეს სიმართლეს არ შეეფერება იმიტომ, რომ ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა და ბერკეტი ვერ ექნებოდა იმისა, რომ ეს კონკრეტული ადამიანები გაათავისუფლოს ციხიდან.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამის შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია. სწორედ მან უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ცხადია, ოპოზიციას სურს არა სიტუაციის განმუხტვა, არამედ, პირიქით, დამუხტვა, რადგან კარგად ხვდებიან, რა რეიტინგი აქვთ და იციან, რომ არჩევნების გზით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ“, – აცხადებს კალაძე.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების გარეშე, რაც “ითვალისწინებს როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ასევე, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას”, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუცო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

“ევროპული საქართველოში” აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემა 120/30 თანაფარდობით არის კომპრომისული ვარიანტი, რომელსაც პარტია მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გამო დათანხმდა და ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, “ოცნების” უფრო მწარედ დასამარცხებლად სჯობს, არჩევნები დღეს არსებული 77/73-ზე სისტემით ჩატარდეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის, ე.ი. 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტში 149 დეპუტატი ირიცხება, აქედან 93 წევრი – “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობაში. მაშასადამე, დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად “ქართულ ოცნების” ხმების გარდა დამატებით 20 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი