ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა პრობლემებთან გამკლავებას ართულებს – მიატოვიჩი

14 მაისი, 2020 •
ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა პრობლემებთან გამკლავებას ართულებს – მიატოვიჩი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი აცხადებს, რომ მისი მანდატისთვის და სხვა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისთვის შეუძლებელია ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებებთან გამკლავებას ართულებს.

დუნია მიატოვიჩმა 14 მაისს სახალხო დამცველის მოადგილესთან, ეკატერინე სხილაძესთან ფეისბუქ-ლაივში განაცხადა, რომ ზოგადად, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი უდიდესი გამოწვევაა მისი მანდატისთვის.

„ვფიქრობ, რომ მე ვარ ადამიანის უფლებათა კომისარი თითოეული ადამიანისთვის იმის მიუხედავად, თუ სად იმყოფება ის. [თუმცა] რეალობა განსხვავებულია და ჩემთვის და ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის შეუძლებელია წარმოდგენილი იყოს აღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – თქვა მან.

მან ამ გარემოებას ძალიან საწყენი უწოდა და თქვა, რომ „ძალიან რთულია ამ პირობებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება“, თუმცა თავად ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს ამ მიმართულებით, საერთაშორისო სამართალთან და წესრიგთან შესაბამისად.

„მე, როგორც კომისარი, მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ ჩემი როლი არ იყოს პოლიტიზირებული“, – განაცხადა მან.

მიატოვიჩის თქმით, ის გეგმავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მოინახულოს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის მინისტრებთან საუბრების შემდეგ აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ მიმართულებით დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას:

„ვნახოთ, კონკრეტულად რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები“.

„ვიცი, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მოლოდინი მაღალია, ადამიანებს სურთ ჩვენი მხრიდან უფრო მეტი ჩართულობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული ლიმიტები არსებობს, რომელებიც უბრალოდ მეტ ჩართულობას შეუძლებელს ხდის“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი