ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

TikTok-ზე თბილისის რეაქციას აფხაზური მხარე არაადეკვატურს უწოდებს

14 მაისი, 2020 • 1992
TikTok-ზე თბილისის რეაქციას აფხაზური მხარე არაადეკვატურს უწოდებს

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსი არაადეკვატური რეაქცია გაოცებას იწვევს”, – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც TikTok-ის საკითხზე თბილისის განცხადებას მოჰყვა.

“აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს, რომ ხმამაღალი განცხადებები დიალოგის აუცილებლობასა და ურთიერთობების ნორმალიზების გზების ძიებაზე  მხოლოდ იმას ემსახურება, რომ  შენიღბოს საქართველომ რეალური საგარეო პოლიტიკური კურსი აფხაზეთის ფართომასშტაბიან საერთაშორისო იზოლაციასთან დაკავშირებით.

მსგავსი  ფაქტიც კი, რომელიც არ იმსახურებს ასეთ ფართომასშტაბიან ყურადღებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივი გააქტიურების საფუძველი გახდა”, – აცხადებენ აფხაზეთის საგარეო უწყებაში.

სოციალურ ქსელ TikTok-ს მსოფლიოს ქვეყნების/რეგიონების ჩამონათვალში დამატებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამ ადგილებს საქართველო და გაეროს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, შედგა კომუნიკაცია ჩინეთის მხარესთან, საქართველოს ელჩმა გამართა ჩინეთში შეხვედრები და „გამოიკვეთა, რომ ეს უზუსტობა ფიქსირდება მხოლოდ ინგლისურენოვან ვერსიაში“.

საქართველოს საგარეო სამინისტროს კომენტარის თანახმად, ისინი ყოველთვის რეაგირებენ „ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი