ახალი ამბები

თურნავას თქმით, საქართველოს ევროკავშირის დახმარების დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება

14 მაისი, 2020 • 697
თურნავას თქმით, საქართველოს ევროკავშირის დახმარების დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ საქართველოს არ ემუქრება ევროკავშირის დახმარების დაკარგვის საფრთხე.

თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს უკვე მოზიდული 3.5 მილიარდი საერთაშორისო დახმარება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტიდან, მათ შორის, ევროკავშირიდან.

“ეს დახმარება ჩვენ უკვე მოვიზიდეთ და ეს არის დასრულებული საკითხი იმის გამო, რომ საქართველო განუხრელად მიჰყვებოდა რეფორმების კურსს. იმის გამო, რომ საქართველო ბევრ პოზიციაში არის ნომერ პირველი რეფორმატორი, შესაძლებელი გახდა ასეთი მოცულობითი საერთაშორისო დახმარების ასე სწრაფ პერიოდში მოზიდვა და როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას ჯანდაცვის და ეკონომიკის სფეროებში, მათ შორის, ამ რესურსითაც ვსარგებლობთ. აქედან გამომდინარე, არავითარი საფრთხე აქ არ არის. პირიქით, სწორედ იმიტომ გახდა ეს შესაძლებელი, რომ ამ წლების განმავლობაში ვახორციელებდით რეფორმებს, მათ შორის, სასამართლო სისტემაში”, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმა და ევროპული ღირებულებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი მთავრობა და პოლიტიკოსი ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში.

“ეს არის ევროპული ღირებულებები, რომელთა ერთგულები ვართ და სწორედ ამის გამო განიხილება საქართველოს დახმარება“, – დასძინა მან.

ვროპარლამენტის წევრმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარება, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის დროს, ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.

“როგორც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, მინდა ყურადღება გავამახვილო იმ უზარმაზარ მხარდაჭერაზე, რომელიც 500 მლნ ევროს აღემატება და რომლითაც ევროკავშირი და მისი პარტნიორები საქართველოს ეხმარებიან, მათ შორის, რეფორმების გატარებაში, COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლასა და მასთან დაკავშირებული სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში. ამ დახმარების მთავარი კომპონენტი კი უკავშირდება იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველომ აიღო, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, სააერჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალეობის სფეროებში”, – განაცხადა კუბილიუსმა.

Eu-ს დახმარება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება – კუბილიუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი