ახალი ამბები

Eu-ს დახმარება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება – კუბილიუსი

13 მაისი, 2020 • 1275
Eu-ს დახმარება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება – კუბილიუსი

ვროპარლამენტის წევრმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი განცხადება გამოაქვეყნა.

ამ წერილში ის საქართველოს მიმართავს და ამბობს, რომ ევროკავშირის დახმარება, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის დროს, ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.

„მე  ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთიანი ძალებით, ერთ დღეს საქართველო მზად იქნება, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. როგორც ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანას, მას ესმის ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ. განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც მთელი აღმოსავლეთ პარტიორობის რეგიონი COVID-19-ის კრიზის უმკლავდება.

ჩვენ ნდობის ატმოსფეროში ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზანს. ეს ნდობა კი ეფუძნება აღებული ვალდებულებებისა და დაპირებების შესრულებაში მიღწეულ პროგრესს, მათ შორის იმ დაპირებაშიც, რომელზეც 2020 წლის 8 მარტს საქართველოში ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია შეთანხმდა“, – ნათქვამია წერილში.

წერილში კუბილიუსი ამბობს, რომ ევროკავშირი სამეზობლოსთვის კორონავირუსის პანდემიის დროს 3 მლრდ ევროზე მეტს გამოყოფს, საიდანაც 962 მილიონი ევრო აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზეც გადანაწილდება.

„როგორც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, მინდა ყურადღება გავამახვილო იმ უზარმაზარ მხარდაჭერაზე, რომელიც 500 მლნ ევროს აღემატება და რომლითაც ევროკავშირი და მისი პარტნიორები საქართველოს ეხმარებიან, მათ შორის, რეფორმების გატარებაში, COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლასა და მასთან დაკავშირებული სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში.

ამ დახმარების მთავარი კომპონენტი კი უკავშირდება იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველომ აიღო, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, სააერჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალეობის სფეროებში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რათა მან სასამართლო სისტემასა და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში უმაღლეს სტანდარტს მიაღწიოს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავეხმაროთ საქართველოსა და მის ხალხს, რათა მათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ღია დემოკრატიისგან, ადამიანის უფელბათა დაცვისგან, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისგან“, – ვკითხულობთ კუბილიუსის წერილში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 2020 წლის მარტიდან, ანუ კორონავირუსის კრიზისის დასაწყისიდან, ევროკავშირი საქართველოს გვერდში ედგა. მათ შორის, აუცილებელი სამედიცინო დახმარებითა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერით – ჯამში, 90 მლნ ევროთი.

გარდა ამისა, ევროკავშირი საქართველოს დაეხმარა ისეთი აუცილებელი სამედიცინო ეკიპირებით, როგორიცაა სამედიცინო საველნტილაციო აპარატები, პირბადეები და სამედიცინო მუშაკებისთვის აუცილებელი სხვა აღჭურვილობა.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლებით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი