ავსტრიის დედაქალაქის, ვენის ხელისუფლება ივნისისის შუა რიცხვებიდან მოქალაქეებს 25 ევროს ღირებულების ვაუჩერებს დაურიგებს. მათი გამოყენება ქალაქის კაფეებში, რესტორნებსა და ყავის მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. 13 მაისს ტვიტერში ამის შესახებ ქალაქის ბურგომისტრმა (მერმა) მიხაელ ლუდვიგმა დაწერა.
მისი თქმით, ამგვარად ქალაქის ხელისუფლებას სურს დაეხმაროს საზოგადოებრივი კვების სფეროს, რომელმაც ორთვიანი კარანტინის გამო დიდი ზარალი განიცადა.
მარტო მცხოვრები მოქალაქე 25 ევროს ვაუჩერს მიიღებს, ოჯახებს კი 50- ევროიანი ვაუჩერები ერგებათ. მათი გამოყენება სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი, თუმცა ალკოჰოლის შეძენა ამ ვაუჩერებით არ შეიძლება.
ლუდვიგის განცხადებით, ქალაქმა ამ პროგრამისთვის 40 მილიონი ევრო გამოყო. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ვენაში 6 ათასი რესტორანი, კაფე თუ ყავის მაღაზია მუშაობს, რომელიც სამუშაოთი დაახლოებით 60 000 ადამიანს უზრუნველყოფს.
ავსტრიაში მთლიანობაში კორონავირუსის 15 964 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 14,304, გარდაიცვალა 624. აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 1036.
გარეკანის ფოტო: EPA