ახალი ამბები

ჯერ ვერ დაგპირდებით, რომ 22 მაისს ყველა შეზღუდვა მოიხსნება – ტიკარაძე

14 მაისი, 2020 • 1643
ჯერ ვერ დაგპირდებით, რომ 22 მაისს ყველა შეზღუდვა მოიხსნება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ 22 მაისს ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

მინისტრი „იმედის“ ეთერში ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ იკლო. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა რეკომენდაცია – გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა აღდგენილიყო და შეზღუდვები მოხსნილიყო.

თუმცა, ტიკარაძის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ 22 მაისს ყველა ის შეზღუდვა მოიხსნება, რაც კორონავირუსის გამო დაწესდა.

„ეპიდსიტუაცია იმდენად ცვალდებადია,..ჯერ არ გვქონია ჩვენ ისეთი დღე და ისეთი ჯგუფი, როდესაც რამდენიმე დღის მანძილზე არ დაფიქსირებულა ინფექციის ახალი შემთხვევა. აქედან გამომდინარე სრულ მოხსნაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს.

22 მაისამდე ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით. ჩვენ წინასწარ არ ვიძლევით იმის პირობას, რომ 22 მაისს სრულად მოიხსნება ყველა შეზღუდვა. თუმცა დაკვირვება მიმდინარეობს. თუ ჩვენ გვექნება 3-4 დღე სრულად თავისუფალი ახალი ინფიცირებული პაციენტებისგან, მერე გვექნება საფუძველი, რომ საკარანტინო ღონისძიებების სრულ მოხსნაზე ვიმსჯელოთ“, – ამბობს ტიკარაძე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრძანებით გახანგრძლივდა. მანამდე მას პრემიერმა შესაბამისი წარდგინებით მიმართა.


ბოლო მონაცემები საქართველოში კორონავირუსის გავრცელებაზე:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 647
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 372
  • მათ შორის გარდაცვლილი – 11
  • კარანტინის რეჟიმში – 4461
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

 

მასალების გადაბეჭდვის წესი