ახალი ამბები

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სერვისის მიწოდება უნდა განახლდეს – ზახაშვილი

13 მაისი, 2020 • 1327
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სერვისის მიწოდება უნდა განახლდეს – ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, სპეციალური საჭიროებების ბავშვებისთვის აუცილებელი სერვისის მიწოდება უნდა განახლდეს.

დღეს, 13 მაისს, გამართულ ბრიფინგზე ზახაშვილმა თქვა, რომ სერვისის მიმწოდებელმა ყველა საჭირო რეკომენდაცია უნდა დაიცვას.

„ბავშვებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციალური დახმარება, მათთვის ამ დახმრების შეწყვეტა ან გადავადება შეიძლება იყოს დამატებითი რისკის შემცველი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით, ასეთი ბავშვების მომსახურება თუ მათთვის მომსახურების მიწოდება უნდა იყოს აღდგენილი. ასეთი ცენტრების ფუნქციონირება უნდა განახლდეს მაშინ, როგორც კი ამის შესაძლებლობას მოგვცემს ეპიდსიტუაცია.

ის ადამიანები, ვინც მსგავსი ტიპის მომსახურებას უწევენ შშმ პირებს, იქნება ეს ბავშვი თუ მოზრდილი, უნდა მოემზადონ იმ სიტუაციისთვის, როდესაც ისინი ისევ სრული დატვირთვით ამუშავდებიან. შექმნან ისეთი გარმეო, რომელიც უსაფრთხო იქნება მომსახურების მიწოდების თვალსაზრისით“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

საქართველოში საყოველთაო კარანტინი 31 მარტს გამოცხადდა. ამის შემდეგ არაერთი მშობელი სოციალურ ქსელში წერდა, რომ სპეციალური საჭიროების მქონე მის შვილს აუცილებელი სერვისის მიწოდება შეუწყდა. ეს კი დამატებით პრობლემებსა და გამოწვევებს უკავშირდება.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

როცა შშმ ბავშვების საჭიროებებს დღის ცენტრები ვეღარ ფარავენ

იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები აუცილებელი პრეპარატების მოლოდინში

მასალების გადაბეჭდვის წესი